პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ახლა, ოპოზიციის მიერ ფეხების ბაკუნის დრო არ არის და მათ კომპრომისული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ბედზე გული აშშ-ს ელჩს უფრო შესტკივა, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსების 99%-ს.
"ახლა ფეხების ბაკუნის დრო არ არის, შევხედოთ ელჩი როგორი გულისტკივილით საუბრობს საქართველოს პრობლემებზე და იმაზე, რაც ელის კორონავირუსის და უმუშევრობის გამო. შეერთებული შტატების ელჩი გაცილებით მეტად დარდობს ამ ქვეყანაზე, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსების 99%, რომლებიც ამბობენ რომ მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები გვინდა და მორჩაო.
ვიღაცებს თავში მარტო ის უტრიალებთ, რომ იქნებ გაზაფხულზე მღელვარება იყოს და ისეთ უბედურ დღეში ჩავარდეს ეს ქვეყანა, რომ ხალხი ქუჩაში გამოვარდეს და ეს ტალღა სათავისოდ გამოიყენონ. ასევე, ვიღაცას კიდევ იდეები აქვს, რომ აქ დაბრუნდეს და ხალხი ძვლებში ამტვრიოს. საჭიროა ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ ქვეყანას, სადაც მივედით ამ მოლაპარაკების შედეგად, იმას ხელი მოვაწეროთ. რისთვის ვატარებდით წინასაარჩევნო კამპანიას, თუკი პარლამენტში არ შევდივართ.
კელი დეგნანმა თქვა მე-5 რაუნდთან დაკავშირებით, ოპტიმისტურად ვარ განწყობილიო და ეს ოპტიმიზმი მეც გადმომედო. მას ყველასთან აქვს კონტაქტი, ჩვენ კი ოპოზიციაში მხოლოდ ნაწილს ვეკონტაქტებით, " - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.