ამერიკის ელჩის მიერ ოპოზიციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "დღის კურიერში" გამოეხმაურა.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ის ალეკო ელისაშვილისგან განსხვავებით, არ მიიჩნევს, რომ კელი დეგნანის განცხადებები ისე უნდა იყოს აღქმული, თითქოს ის ოპოზიციას მოუწოდებს, რომ პროტესტი შეწყვიტონ. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ის სრულად ეთანხმება ელჩს არჩევნების შეფასების ნაწილში და განსხვავება მხოლოდ და მხოლოდ იმ მოსაზრებაში აქვს, რომ მისგან განსხვავებით, ელჩი თვლის, რომ კარგი იქნება თუ ოპოზიცია ინსტიტუტების გამოყენებით გააგრძელებს ბრძოლას.
ზურაბ ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს მეხუთე რაუნდი აღარ გაიმართება:
"მაღალი ალბათობით, მეხუთე რაუნდი ალბათ ახალ წლამდე აღარ ჩაინიშნება, განცდა მიჩნდება, რომ არჩანიშვნა ხდება იმის გამო, რომ ელჩებმა ვერ შეძლეს ჯერ კიდევ პოზიციების დაახლოება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, რა ახალი საკითხები და ალტერნატივები შეიძლება წამოიწიოს მე-5 რაუნდზე მისთვის, ჯერჯერობით, უცნობია.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ელჩების და დასავლელი პარტნიორების შეფასებით, ნაწილობრივი დარღვევები საქართველოში ყველა არჩევნებზე ხდებოდა და ასე მოხდა ახლაც. მისი განსხვავებული შეფასება კი არის ის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევები იყო იმგვარი, რომ ამან გადაწყვიტა ის, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში.
"ეს არჩევნები ამით იყო პრინციპულად განსხვავებული სხვა წინა არჩევნებისგან, თორემ ასეთი ტიპის დარღვევები, ცხადია, სხვა არჩევნებზეც იყო. მანდ არის განსხვავება ხედვებში ელჩსა და ჩემს შორის პირადად, თუმცა, მე სრულად მესმის მისი პოზიცია. მე ვერ წარმომიდგენია აშშ-ის ელჩი, ევროკავშირის ელჩი ან ნებისმიერი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩი გამოვიდეს და ოპოზიციას მოუწოდოს პარლამენტში არ შეხვიდეთ ბოიკოტი გააგრძელეთო. ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია. ცხადია, ისინი ფიქრობენ, რომ სიტუაცია უნდა დასტაბილურდეს, კრიზისი განიმუხტოს და ამიტომ კარგია, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.