დღეს პარლამენტის ტაბლოზე აღნიშნული ყველა ხმა "ქართულ ოცნებას" ეკუთვნოდა, 85-მა მომხრემ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. უახლეს ისტორიაში პირველად მთავრობის დამტკიცების პროცესში ბოიკოტის გამო არ მონაწილეობდა ოპოზიცია, რომელმაც მანდატებზე უარი თქვა და ნაწილმა პარტიული სიებიც ჩახსნა. მათი კუთვნილი სკამები დარბაზში დღესაც ცარიელი იყო.
იმას, რომ ერთპარტიულ პარლამენტში ოპონენტების გარეშე საქმიანობა კომფორტული არ არის გიორგი გახარიაც იზიარებს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ტაქტიკა პრემიერისთვის არადემოკრატიულია.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა პოსტ-პანდემიური ეკონომიკის აღდგენის დაწყება 2021 წლის მეორე ნახევრიდან დააანონსა. სოციალური ჯანდაცვის მიმართულებით მთავრობის პოლიტიკა უცვლელი რჩება. გახარიამ კვლავ ისაუბრა ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების გადახედვისა და სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე. ოკუპირებულ ტერიტორიებთან პრინციპულთან ერთად რაციონალური პოლიტიკა - მისი თქმით "ქართული ოცნების" კურსი იქნება.
"ქართული ოცნების" საკანონმდებლო ხელისუფლებამ მის აღმასრულებლებს ნდობა უკვე გამოუცხადა, რა შემადგენლობის იქნება პარლამენტი მაშინ, როდესაც თითოეულ მინისტრს უკვე გაწეული საქმიანობის ანგარიშით მოუწევს პარლამენტში მისვლა, უცნობია. მმართველი გუნდის ორივე შტო ჯერჯერობით ოპონენტების გარეშე აგრძელებს მუშაობას.