დღეს საკანონმდებლო ორგანოდან ოპოზიციას მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ პოლიტიკა პარლამენტში კეთდება და არა ქუჩაში. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ერთპარტიული პარლამენტი ნებისმიერი ქვეყნისთვის პრობლემაა, თუმცა წარმოუდგენელია იმ სცენარის განვითარება, რომლის იმედიც შესაძლოა ოპოზიციას ჰქონდეს.
იმას, რომ ერთპარტიულ პარლამენტში ოპონენტების გარეშე საქმიანობა კომფორტული არ არის გიორგი გახარიაც იზიარებს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ტაქტიკა პრემიერისთვის არადემოკრატიულია.
დღეს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე დეპუტატებს მიმართა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და გახარიას კაბინეტის მიერ კრიზისის მართვასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებზე ისაუბრა. მამუკა მდინარაძემ ასევე ხაზი გაუსვა ოპოზიციის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის განვითარებაში:
"კრიზისის მართვის მენეჯმენტი ობიექტური შემფასებლების დასკვნებითაც გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით კარგად შეძლო მთავრობის იმ შემადგენლობამ, რომელიც ხელახალი ნდობისათვის არის ჩვენს წინააღმდეგ წარმოდგენილი.
ძალიან კარგი იქნებოდა ოპოზიციის წარმომადგენლები აქ ყოფილიყვნენ, მიუხედავად მათი გამოთქმული საკმაოდ ხშირად არასწორი რაკურსის კრიტიკა დავარქვათ. ნებისმიერი შემთხვევაში ოპოზიციის როლი არის განსაკუთრებული ქვეყნის განვითარებაში,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თავის მხრივ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას აფასებს ოპოზიციაც, რომელიც აცხადებს, რომ ბოიკოტის გადაწყვეტილებაში არგუმენტირებულად მყარია.