"სამართლიანი არჩევნების" ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.
როგორც ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, მისთვის პრობლემა არ იყო თანამდებობიდან გადადგომა, მაგრამ მანვე აღნიშნა, რომ ხარვეზი, რაც გამოვლინდა, ძალიან მცირე იყო.
"11 დეკემბერს ჩვენ გამოვაქვეყნეთ განცხადება, რომელშიც მოცემული იყო პარალელური ხმების დათვლის დაზუსტებული მონაცემები. ამ მონაცემების მიხედვით, გამოვლენილი იყო, რომ პროგრამაში მოხდა ხარვეზი, დათვლილი იქნა საარჩევნო სუბიექტების ხმებთან ერთად, ასევე ბათილი ბიულეტენები, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არ ხდება. სწორედ ამან გამოიწვია ჩვენსა და ცესკოს შედეგებს შორის მცირე სხვაობა. ეს სხვაობა იმდენად მცირედი იყო, რომ რომელიმე პარტიაზე გავლენას არ ახდენდა, მანდატებს არ უცვლიდა არც ერთ პარტიას.
ჩვენ არჩევნების შემდეგ ყოველთვის ვიწყებთ ხოლმე აუდიტს, რომლის შემდეგაც ხდება ყველა მონაცემის კიდევ ერთხელ გადამოწმება, სწორედ ამან გამოავლინა მცირედი ხარვეზი. ამ მცირე ხარვეზებს მმართველი პარტიის მხრიდან ძალიან დიდი გაზვიადება მოჰყვა და წარმოაჩინეს ისე, თითქოს ამან რაღაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. ეს ყველაფერი კი მათი მხრიდან მიზანმიმართულად კეთდებოდა.
რაც შეეხება ჩემი გადადგომის საკითხს, მიმაჩნია, რომ რადგან ამ ყველაფერმა ასეთი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, გაჩნდა კითხვის ნიშნები ორგანიზაციის რეპუტაციასთან დაკავშირებით, ჩავთვალე, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ორგანიზაციის რეპუტაცია. ამ ორგანიზაციაში 9 წელია ვმუშაობ და ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, ძალიან ხარისხიანად ვაკეთებდი. ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობიდან გადადგომა, თუ ეს მიზნად ისახავს და შეუძლია ორგანიზაციის რეპუტაცია დაიცვას თავდასხმებისგან. პირადად ჩემთვის, შეცდომა ძალიან მძიმე იყო," - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.