17 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
ოპოზიციის განცხადებით, პარალელური დათვლა არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ერთადერთი არგუმენტი არ ყოფილა

ადამიანური შეცდომა, რამაც "სამართლიანი არჩევნების" და PVT-ის რეპუტაცია შელახა, ეს არის ის მთავარი მიზეზი, რატომაც ორგანიზაციამ ელენე ნიჟარაძე თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა. ISFED-ში აცხადებენ, რომ ელენე ნიჟარაძემ შეცდომა დაუშვა, როცა პარალელური დათვლის დროს დაშვებული შეცდომების შესახებ საზოგადოებას დაგვიანებით აცნობა. ასევე, ISFED-ს NDI-სთვის წერილობით არ უცნობებია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ბათილი ბიულეტენები ხმებს არ უნდა მიეთვალოს, რის გამოც პარალელური დათვლის შედეგებში ცდომილება იყო.

ორგანიზაციის გამგეობა ამბობს, რომ შიდა მოკვლევამ შეცდომა დაადგინა, თუმცა მათთვის ელენე ნიჟარაძის დასაბუთება დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. მას სურდა შეცდომის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის მოგვიანებით, ანგარიშის წარდგენის დროს მიეწოდებინათ.

გამგეობა მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციის მოგვიანებით გაჟღერებამ გამოიწვია ეჭვები და შეთქმულების თეორიების განვითარება.

დღეს თემაზე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ პარტიებიც. ოპოზიცია ამბობს, რომ მათთვის პარალელური დათვლა არ იყო არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ერთადერთი არგუმენტი, ხელისუფლება კი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ცდილობს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ უკვე შედგენილი ოქმების პარალელური დათვლისას არ გამოჩნდებოდა გაყალბების მასშტაბი, რადგან სწორედ ოქმების შედგენისა და გადასწორების დროს მოხდა არჩევნების გაყალბება. 

"მოქალაქეების" გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ისეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის მიმართ, როგორიც ISFED-ია, ზედმეტი სპეკულაციები არ უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა იქნას გაკეთებული ორგანიზაციის ნდობის აღსადგენად. ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის რეპუტაცია ამ ერთი ინციდენტით ვერ შეილახება.

დღის ამბები