17 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
დედაქალაქის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით გაიზარდა, რაც პანდემიიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია - ოთარ გრიგოლია თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე

დღეს თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. საფინანსო დოკუმენტს ქალაქის მერი წარადგენს. სხდომას არ დაესწრება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილი. უმრავლესობა ამბობს, რომ ახალ ბიუჯეტში გაზრდილია სოციალური პროექტების დაფინანსება და დოკუმენტი მორგებულია პანდემიის შედეგად შექმნილ რეალობას.

"ეს ბიუჯეტი არ არის შესაბამისობაში ქვეყანაში შექმნილ ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან. იქ მრავლად შეხვდებით გაუაზრებელ, არაეფექტურ ხარჯებს. მაგალითად, როგორიც არის პიარ-აქტივობებისთვის გამოყოფილი 13 მილიონი ლარი. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია გამომდინარე იქიდან, რომ მომავალი წელი საარჩევნო წელია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კონკრეტული თანამდებობის პირები თბილისელების, ბიუჯეტის ფულს უყურებენ, როგორც საკუთარ სახსრებს და მომავალ წელსაც აპირებენ განკარგონ საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე," - აცხადებს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის საკრებულოში ვახტანგ შაქარიშვილი.

აღნიშნულ ხარჯებს გამოეხმაურნენ "ქართულ ოცნებაშიც". მათი თქმით, პიარ-აქტივობებისთვის გამოყოფილი 13 მილიონი მოიცავს მათ შორის ინფორმაციის გავრცელების ხარჯებს.

"ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარჯები, რაც მოიცავს ძალიან ბევრ კომპონენტს, მათ შორის ისეთ კომპონენტებს, როგორიც არის სარეკლამო რგოლების დამზადება იმისათვის, რომ მოქალაქეებმა დროულად შეიტყონ მაგალითად სატრანსპორტო კვანძებზე სამუშაოების შესახებ. ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით გაიზარდა, რაც პანდემიიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვახერხეთ, რომ არ შეგვემცირებინა ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც ქალაქს აღებული ჰქონდა ორიენტაცია, მათ შორის სოციალური ხარჯები ბიუჯეტში გათვალისწინებულია მესამედით, 350 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება ამ მიმართულებით და ბუნებრივია ეს ორიენტირებულია პანდემიის რეალობასთან," - ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია.

დღის ამბები