17 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ვერ დავუახლოვდებით ვერც ევროკავშირს და ვერც NATO-ს თუ სამართლიან არჩევნებს არ ვატარებთ - გიორგი ვაშაძე საგარეო პოლიტიკის რეზოლუციაზე

პირველი რეზოლუცია, რომელსაც მეათე მოწვევის პარლამენტი მიიღებს, საგარეო პოლიტიკის შესახებ მომზადებული დოკუმენტი იქნება. 14 პუნქტიან რეზოლუციას კიდევ 2 დაემატა. აქ გაიწერა ის საგარეო პრიორიტეტები, რაზეც პარლამენტმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა იმუშაოს.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ფუნდამენტური რეფორმების კუთხით ქვეყანა ვერც ევროკავშირს და ვერც NATO-ს ვერ უახლოვდება. ის მიიჩნევს, რომ თუ სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, სასამართლო ხელისუფლება არ გახდება მიუკერძოებელი და სანდო, ამ შემთხვევაში დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესი ვერ დაჩქარდება.

"ფუნდამენტური რეფორმების კუთხით ჩვენ ვერ დავუახლოვდებით ვერც ევროკავშირს და ვერც NATO-ს. თუ სამართლიან არჩევნებს არ ვატარებთ, თუ სასამართლო ხელისუფლება არ არის მიუკერძოებელი და სანდო, თუ აღმასრულებელი ხელისუფლება არ აკეთებს ხალხისთვის საჭირო რეფორმებს, თუ ეკონომიკა წინ არ მიდის, ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავაჩქარებთ დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესს," – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს მცდელობა იმისა, რომ რაც შეიძლება მალე იყოს მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

"ბუნებრივია, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს მცდელობა, რომ რაც შეიძლება მალე იყოს მზად იმისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს, მაგრამ ერთი არის ეს განცხადებები და მეორე არის ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს ამ მიმართულებით და ერთპარტიული პარლამენტი, ხელისუფლების ტოტალური მიტაცება, სახელმწიფო ინსტიტუტების დემორალიზაცია არანაირად არ უწყობს ხელს ამ მთავარ მიზანს, რომელიც ქართულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

16 პუნქტიანი რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა - ქვეყნის დეოკუპაცია, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული ომის საფრთხეები, საერთაშორისო დავები რუსეთის წინააღმდეგ, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან.

დღის ამბები