დეპუტატების წინაშე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წარდგა. კობა გვენეტაძეს დეპუტატებმა კითხვები ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით დაუსვეს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მას ჰკითხა, რამდენად იმედიანად უნდა იყოს საზოგადოება მომავალი წლისთვის ლართან დაკავშირებით.
"რომ წარმოვიდგინოთ, რომ გლდანში, ლოტკინზე, სამგორში და სოფლებში ჩართულია ტელევიზორი და გისმენენ, ადამიანებს აწუხებთ რა დაემართება მომავალ წელს ლარს და ნეოფიტისთვის გასაგებ ენაზე გთხოვთ აგვიხსნათ რა დოზით შეგვიძლია ვიყოთ შეწუხებულები, ვიყოთ უიმედოდ თუ რაღაც იმედის უფლება გვაქვს. რა თქმა უნდა, არც პანდემიაა თქვენი ბრალი და არც ის, რომ ჩვენი ეკონომიკა ჯერ კიდევ ბევრად ჩამოკიდებულია ტურიზმს. ამ რეალობაში რას გვეტყვით ლართან დაკავშირებით, ვიყოთ ძალიან ცუდ ხასიათზე გაისად თუ რა ვქნათ?" - ჰკითხა თეა წულუკიანმა კობა გვენეტაძეს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ ინტერვენციები, რასაც ამჟამად ისინი ახორციელებენ, დანაკლისების შევსებისკენ არის მიმართული.
"ზომები, რომლებსაც ჩვენ კრიზისის წინ ვიღებდით, დოლარიზაციის შემცირებისკენ იყო მიმართული. ის ინტერვენციები, რომლებიც ჩვენ ახლა გამოვიყენეთ, მიმართული არის იმისკენ, შევავსოთ ის დანაკლისი, რომელიც ქართულმა ეკონომიკამ წელს განიცადა ტურიზმის დანაკლისისგან," - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
კობა გვენეტაძემ 2021-2023 წლების ფულად - საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დადგენილების პროექტი წარადგინა.