იქამდე, სანამ რიგგარეშე სესიაზე რეზოლუციის პროექტი დამტკიცდებოდა, იყო ბიუროს სხდომა, სადაც დღის წესრიგი დამტკიცდა. ბიუროს სხდომაზე კი არჩილ თალაკვაძემ აღნიშნულ რეზოლუციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი მომდევნო წლების განმავლობაში ვროკავშირში ინტეგრაციაა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიღებული რეზოლუცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია სახელმწიფოს საგარეო სტრატეგიისათვის.
"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივეცით დაპირება ჩვენს საზოგადოებას. პირველი დოკუმენტი, რომელსაც დაამტკიცებდა საქართველოს პარლამენტი, შეეხებოდა სწორედ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე ამ დოკუმენტს განიხილავს. აქ არის ასახული ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ურყევი პოლიტიკური ნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. რასაკვირველია ამას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტმა ეს რეზოლუცია მიიღოს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
81 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი - მე-10 მოწვევის პარლამენტმა პირველი რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს. 16 პუნქტად გაიწერა ის მთავარი საგარეო პრიორიტეტები, რომლებზეც მომდევნო 4 წელი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იმუშავებს.