"ადამიანური შეცდომა" და "ტექნიკური ხარვეზი" უწოდა "სამართლიანი არჩევნების" უკვე ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ სკანდალს, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის რეპუტაციას.
ISFED-ის გამგეობა ორგანიზაციის რეპუტაციის შენარჩუნებას ელენე ნიჟარაძის გადაყენებით შეეცადა. გამგეობის წარმომადგენლებმა პასუხისმგებლობა NDI-ს ექსპერტებზეც გადაანაწილეს, რომლებიც, მათი თქმით, ასევე მონაწილეობდნენ კვლევაში.
აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციამ, რომელიც ერთადერთია, ვინც წლების განმავლობაში პარალელურ დათვლას ატარებს საქართველოში, შედეგებში ბათილი ბიულეტენებიც მიათვალა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ISFED-ის მონაცემებში პირველი ეჭვი ეუთოს დამკვირვებელს შეეპარა და სავარაუდო მიზეზიც მანვე ახსენა.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელურ დათვლას ორგანიზაცია ISFED აწარმოებდა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული პირველადი შედეგები საკმაოდ იყო ამცდარი ცესკოს მონაცემებს.
მოგვიანებით, ორგანიზაციის შიდა აუდიტმა დათვლის ფორმულაში ცდომილება აღმოაჩინა და ჩასწორებული მონაცემები გამოაქვეყნდა, სადაც ორგანიზაციის შედეგები ცესკოს მონაცემებისგან მხოლოდ მინიმალური მაჩვენებლით განსხვავდებოდა.