მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენებასთან დაკავშირებით, ISFED-ზე ამხელა აქცენტის გაკეთება ხელისუფლების ინტერესებშია. ამის შესახებ მან ღამის "კურიერის ეთერში" განაცხადა.
მისი განცხადებით, არჩევნების გაყალბების მტკიცება კონკრეტული ფაქტებით, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგების გარეშეც შესაძლებელია.
"ვფიქრობ, რომ ISFED-ზე ამხელა აქცენტის გაკეთება არის "ქართული ოცნების" დღის წესრიგის ნაწილი. მორწმუნე ხალხი იქნება ალბათ "ოცნებაშიც" და მათ იციან, რომ შეუცდომელი ღმერთის გარდა არავინ არის.
სინამდვილეში, თუნდაც ის, რომ დღეს ჩვენ ISFED-ზე ვსაუბრობთ, და არა მაგალითად ამაზე, რომ 103 უბნიდან მე მყავდა დამკვირვებელი 98 უბანზე. ყველა ძირითად სუბიექტს, ყველა ჰყავდათ დამკვირვებლები. ჩვენ ერთად შევადგინეთ და გავასაჩივრეთ 34 ოქმი, არც ერთი არ დაკმაყოფილდა, რად უნდა ამას ISFED-ი და საია. აღქმა, რომ თითქოსდა ISFED-ი არის ჭეშმარიტების ერთადერთი მპყრობელი, არის აბსოლუტურად "ქართული ოცნების" დღის წესრიგი,"-განაცხადა ანა დოლიძემ.