"გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, "გირჩი" იყო ერთადერთი პარტია, რომელმაც ხელისუფლებას ბოიკოტი იმ არგუმენტით გამოუცხადა, რომ არც ერთი მათი კოლეგა პარლამენტში არ იყო.
თუმცა, იაგო ხვიჩია "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნავს, რომ "გირჩმა" რუსთავის რამდენიმე უბანში საჩივარი შეიტანა და მათ ეს საჩივრები დაუკმაყოფილეს.
"ჩვენ, სხვათა შორის, "გირჩი" ვიყავით ერთადერთი პარტია, რომელმაც ბოიკოტი გამოაცხადა იმ არგუმენტით, რომ არც ერთი ჩვენი კოლეგა არ იყო პარლამენტში და მარტო საჯდომად არ გვინდოდა პარლამენტი "ქართულ ოცნებასთან" ერთად. ჩვენ ამ მოტივით ავყევით ბოიკოტს ისე, რომ ცნობილი იყოს.
გარდა ამისა, მარტო ისე, ჰაერზე არ ავყოლილვართ. ქალბატონი ანა დოლიძე იყო ჩვენი მოწინააღმდეგე დიდუბეში და 2 000 ხმით მეტი ჰქონდა დაწერილი ვიდრე ჩვენს კანდიდატს. მე კი არ ვიძახი, რომ ქალბატონმა ანამ გააყალბა არჩევნები. წარმოიდგინეთ, რომ ყველა ოპოზიცია იძახის გააყალბეს არჩევნებიო, ყველა რაღაცა მტკიცებულებას აფრიალებს და მე ხელში მიჭირავს დოკუმენტი, რითაც ჩვენს კონკურენტს 2 000-ით მეტი აქვს დაწერილი. რუსთავში, ვახო მეგრელიშვილს, რამდენიმე უბანში საჩივრები შევიტანეთ და დაგვიკმაყოფილეს.
ჩვენ განგვასხვავებს უბრალოდ სხვა პარტიებისგან ის, რომ ჩვენ რაც შევიტანეთ, გავაპროტესტეთ, მათ ნაწილი უბრალოდ დაგვიკმაყოფილეს, მაგრამ ფიზიკურად ცოტანი ვიყავით, არც ამდენი დამკვირვებელი არ გვყავდა და უბრალოდ სიყალბის აღმოჩენის და დადასტურების თვალსაზრისით, ვიყავით ჩვენი კოლეგების იმედად, ოპოზიციაში, იმათ ჰქონდათ გამართული ინფრასტრუქტურა და ყველამ იცოდა, რომ ჩვენ არ ვიყავით მოწინავეები მათი. ამის მიუხედავად, მე ყველაფრის დამტკიცება შემიძლია, რაც შევიტანე, რაც გავაპროტესტე, დამიკმაყოფილეს კიდეც, ამაშია საქმე.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიას რაც შეეხება, მე ზოგადად, ეს რეგლამენტი მომწონს, როგორი პარლამენტიც არის. დიდი ნაწილი კარგია, მათ შორის, ამ ძალაუფლების დაბალანსების საკითხები მეტნაკლებად გადაჭრილია," - აცხადებს იაგო ხვიჩია.