17 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლას დღეიდან 2021 წლის 11 იანვრის ჩათვლით კიდევ უფრო ზღუდავს

ოკუპანტების საახალწლო საჩუქარი მოსახლეობას - ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება, საახალწლო დღეებში, დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლას კიდევ უფრო ზღუდავს. ე. წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, გამკაცრებული ზომები დღეიდან მომავალი წლის 11 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.

საოკუპაციო რეჟიმი გადაწყვეტილებას ხსნის იმით, რომ ინფექციის გავრცელების პრევენცია მოახდინონ ოკუპირებულ რეგიონში, თუმცა გამშვები პუნქტი უკვე დიდი ხანია ჩაკეტილია და მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა მოინახულონ  საკუთარი ერთმანეთი და საკუთარი სახლები.

ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას შეფასებები მოჰყვა თბილისში. ისინი ამბობენ, რომ რუსეთის ფედერაცია არის ის მთავარი ძალა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში გადაწყვეტილებებს იღებს.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა არ იყენებს იმ ბერკეტებს, რომელიც მის ხელშია. 

"ცხინვალის მოქმედება, ისევე როგორც სოხუმის მოქმედება ახალი არ არის და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ისინი დამოუკიდებელი მოთამაშეები არ არიან. მთავარი მანდ არის რუსეთი და ჩვენთვის უფრო საინტერესო არის ის, თუ როგორ მოქმედებს საქართველოს მთავრობა ამ ყველაფერზე და სამწუხაროდ,  საქართველოს მთავრობა არ იყენებს იმ ბერკეტების ნაწილსაც კი, რომელიც მის ხელშია. ეს არის საერთაშორისო საზოგადოება, ეს არის ჟენევის ფორმატი," - ამბობს ლევან თარხნიშვილმა.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგი ჩიხლაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება პრობლემაში საკმარისად ჩართული არ არის და საკმარისად არ აქტიურობს. 

"ეს არის გაგრძელება იმ ჰუმანიტარული კატასტროფის, რომელიც საოკუპაციო ხაზის იქით გრძელდება. სამწუხაროდ, ეს წლებია გრძელდება  და სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო რა არის ამაში ჩართული პრო აქტიურად. ყოველ ასეთ ფაქტზე, მარტო მედია და ოპოზიცია კი არ უნდა ვაქტიურობდეთ, ყოველ დღე საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიფინგებს უნდა აწყობდეს ამ თემაზე," - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ამბობს,რომ მსგავსი გადაწყვეტილებები როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. 

"მსგავსი უკანონო ნაბიჯები კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენი მოსახლეობის, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ადგილობრივი მოსახლეობის ოკუპაციით გამოწვეულ და პანდემიით დამძიმებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ეს დესტრუქციული ნაბიჯები მიზნად ისახავს მოსახლეობის იზოლაციას. პოლიტიკური ზეწოლის ახალი ინსტრუმენტები, ახალი შემზღუდავი ზომები, რაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ არის მიღებული ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ, სწორედ განხორციელდა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ნათქვამის სერიოზულად აღქმა ამ საკითხთან მიმართებაში ნამდვილად არ შეიძლება, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლები უფლება ოკუპაციაზე საუბრობს აქვს სწორედ მათ," - აცხადებს ირაკლი ბერაია.

დღის ამბები