პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მოსაზრებით, ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთვება და სტატუს კვო მალე შეიცვლება. არჩილ თალაკვაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ გარდატეხას ელოდება. ის ოპოზიციას ისევ ორ ნაწილად ყოფს, - რადიკალური ნაწილი და ისეთი ადამიანები, რომლებიც მისი შეფასებით, პატივს სცემენ საკუთარი მხარდამჭერების არჩევანს და ქვეყნის ინტერესებს.
არჩილ თალაკვაძეს განცხადებებს ოპოზიციის ნაწილი უკვე გამოეხმაურა.
ოპოზიციის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნამდვილად არსებობს შესაძლებლობა, მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ოპოზიციამ საქმიანობა პარლამენტში გააგრძელოს. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც დღესდღეობით არსებობს, მხოლოდ ვადამდელი არჩევნები განმუხტავს.
"მე ვერ გეტყვით ვის გულისხმობს კონკრეტულად არჩილ თალაკვაძე, თუმცა მე შემიძლია ფაქტებით ვისაუბრო, რომ დღეს არის ფაქტი ის, რომ არავინ არ შედის პარლამენტში.
მოლაპარაკებას ყოველთვის აქვს აზრი, იმის შემდეგაც კი, როდესაც ჩვენს განცხადებებს ოფიციალურად დააკმაყოფილებენ და ჩვენ აღარ ვიქნებით დეპუტატები," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
"ჩვენი 4 მოთხოვნა არის უცვლელი - ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, თვისობრივად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და ახალი საარჩევნო გარემო. ამაზე ჩვენ მზად ვართ ვილაპარაკოთ, ამ დეტალებზე შეგვიძლია წავიდეთ მოლაპარაკებებზე. რაც შეეხება შესვლა-არ შესვლას - მგონი ბატონმა თალაკვაძემაც, კობახიძემაც და ივანიშვილმაც დაინახა, რომ ოპოზიცია არის სერიოზულად განწყობილი. მათ უკვე ჩაატარეს პირველი სესია ერთპარტიულ პარლამენტში და ასეც გაგრძელდება," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ლევან თარხნიშვილმა.
"რასაც ბატონი თალაკვაძე ამბობს, იმავეს ვამბობთ ჩვენც, ოპოზიცია. დიახაც ჩვენ გვინდა კონსტრუქციული ურთიერთობები და გვინდა პარლამენტში მოღვაწეობა. საპარლამენტო მანდატები მოვიპოვეთ ზუსტად იმისთვის, რომ პარლამენტში გავაგრძელოთ საქმიანობა. ოღონდ ამისთვის პოლიტიკური შეთანხმება უნდა მოხდეს ოპოზიციას და "ქართულ ოცნებას" შორის. შეთანხმებისა და წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკების გარეშე, ვერ წარმომიდგენია ეს როგორ უნდა მოხდეს. შესაბამისად, ბატონ თალაკვაძეს აქვს იმის სურვილი, კობახიძისგან განსხვავებით, რომ პროცესი კონსტრუქციულად წარიმართოს და მოლაპარაკებები დროზე დასრულდეს წარმატებით," - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ.