17 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
ბიუჯეტში ასახულია ყველა სოციალური დახმარება და პაკეტი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა - უმრავლესობამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელა

მეათე მოწვევის პარლამენტის უმრავლესობამ პირველი სხდომა გამართა. მმართველი გუნდის წევრებმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, არსებობს გარკვეული გამოწვევები, ვინაიდან მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ დამძიმებულია, რაც აისახება ბიუჯეტზეც. თუმცა, მისივე განმარტებით, ბიუჯეტში ასახულია ყველა ის სოციალური დახმარება და პაკეტი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა.

"ახალი ბიუჯეტი შემოიტანა მთავრობამ. პრინციპული ხასიათის ცვლილებები არის, შეცვლილია ყველა ეკონომიკური პარამეტრი. მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ დამძიმებულია ქვეყნის წინაშე და ეს აისახება ბიუჯეტზეც. ასიგნენები არის თითქმის 18.4 მილიარდი ლარი, რაც 2.5 მილიარდი ლარით მეტია, ვიდრე წელს იხარჯება.

ყველა ის დაპირება, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული, სოციალური დახმარება და პაკეტი ამ პროექტში არის ჩადებული," - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

გარდა ამისა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, წარმოდგენილი ბიუჯეტი სრულად ესადაგება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

"წარმოდგენილი ბიუჯეტი პრაქტიკულად სრულად ესადაგება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. გლობალური პანდემიის პირობებში გვმართებს განსაკუთებული მობილიზება, მუშაობა, იმისთვის, რომ ამ ბიუჯეტის მიხედვით ქვეყანამ შეძლოს იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომელიც ძალიან მწვავეა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის," - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის გადამუშავებული პროექტი საკონმდებლო ორგანოში უკვე შესულია და ის პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

დღის ამბები