17 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
უმრავლესობის დეპუტატებმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საბოლოო კენჭისყრამდე 2 დღით ადრე დახურულ ფორმატში განიხილეს - ფინანსურ დოკუმენტს ოპოზიცია იწუნებს

მესამე კენჭისყრამდე ორი დღით ადრე, ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ დახურულ ფორმატში განიხილა.

მომავალი წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტით ასიგნებები 18,4 მილიარდი ლარია, რაც მიმდინარე წლის მონაცემთან შედარებით 2,5 მილიარდით მეტია. კორექტირებული პროექტი ეკონომიკის 4,3 პროცენტიან ზრდას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, დეფიციტი 7,6 მეათედს შეადგენს, მთავრობის ვალი კი, დაშვებულ 60 პროცენტიან ზღვარს პირველად გადაცდა. დაახლოებით 900 მილიონი ლარი მოხმარდება იმ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც პანდემიის გამო შემუშავდა.

მმართველ გუნდს საბიუჯეტო სტრატეგიასაც და პანდემიასთან ბრძოლის ტაქტიკასაც "ევროპული საქართველო" უწუნებს. ოპოზიციური პარტია დარწმუნებულია, რომ ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი არც საზოგადეობის მოთხოვნებს და არც ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ასახავს.

მესამე მოსმენისთვის გამზადებული პროექტი არც "ნაციონალური მოძრაობისთვისაა" ხალხის ინტერესების ამსახველი. მმართველი გუნდის ოპონენტები "ქართულ ოცნებას" ფინანსური დოკუმენტის საკუთარ ფინანსურ სურვილებზე მორგებაში ადანაშაულებენ.

ის, რაც ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი გახდა, უმრავლესობისთვის არსებულ გამოწვევებზე ადეკვატური პასუხია. მმართველი გუნდის მთავარი საზრუნავი, ახლა ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებში შესრულებაა.

მეათე მოწვევის უმრავლესობის შეხვედრა, რომლის ერთადერთი თემა, მათივე განმარტებით, 2021 წლის ბიუჯეტში პროექტი იყო, ორსაათნახევარი გაგრძელდა.

დღის ამბები