გადაჯგუფებებს ოპოზიციაში სახელისუფლებო გუნდი ეხმიანება. ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება "ევროპული საქართველოს" დატოვების შესახებ მმართველ გუნდში არ უკვირთ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციაში დესტრუქციული და შედარებით საღი აზრის მქონე პოლიტიკური ჯგუფები გამოიკვეთა, რომელთა შორის გადაჯგუფება მიმდინარეობს.
"გამოვრიცხავ რომ ამ შეთხვევაში მიზეზი შეიძლება იყოს რაიმე პოლიტიკური ჩარევა რომელიმე პარტიის ცხოვრებაში "ქართული ოცნების" მიერ, ეს უბრალოდ გამორიცხულია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ იქნა კონკრეტული პოლიტიკოსის მიერ ეს გადაწყვეტილება მიღებული, ამის კომენტირებას მე ვერ გავაკეთებ, ალბათ თვითონ გვიამბობს ამის შესახებ და ამის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. თუმცა ზოგადად უნდა ვთქვა, რომ გადაჯგუფებაა ოპოზიციაში და აშკარად გამოიკვეთა დესტრუქციული და შედარებით საღი აზრის მქონე პოლიტიკური ჯგუფები და ასეთ დროს გარკვეული გადაჯგუფებები მოსალოდნელი არის," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.