17 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
ელენე ხოშტარიას დიდი ხანია უთანხმოება აქვს "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან - ალეკო ელისაშვილი

ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება "ევროპული საქართველოს" დატოვების შესახებ, როგორც ჩანს არც დანარჩენი ოპოზიციის წევრებისთვის არ ყოფილა მოულოდნელი. თუმცა როგორც პარტია "მოქალაქეების" ლიდერი აცხადებს, ამის მიზეზი ხოშტარიასა და "ევროპული საქართველოს" სხვა ლიდერებთან უთანხმოება გახდა.

"ელენე ხოშტარიაზე დიდი ხანია მსმენია, რომ მას აქვს უთანხმოება "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან და დიდი ხანია მას უნდოდა წასვლა, უბრალოდ არჩევდა ისეთ მომენტს, რომელიც ალბათ მისთვის ხელსაყრელი იქნებოდა. არ ვიცი, მეტი არგუმენტი მისგან არ მომისმენია, თუმცა არ გამკვირვებია. ამის შესახებ ინფორმაცია მქონდა, ბევრს ჰქონდა. ელენე ხოშტარია ძალიან ბევრ საკითხში არ ეთანხმებოდა იმ პარტიის ლიდერებს," - განაცხადა "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ მას და ელენე ხოშტარიას ხშირად უსაუბრიათ, რომ პოლიტიკურ სპექტრს სჭირდება განახლება. 

"ჩემთვის არ არის უცნაური ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ხშირად გვისაუბრია მე და ელენეს იმაზე, რომ ზოგადად ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს სჭირდება განახლება იმისთვის, რომ ჩვენ ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს, დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერსთვის კი პოლიტიკოსთა პარტიებიდან და გუნდებიდან მიგრაციაში ახალი და გასაკვირი არაფერია.

"არ არის პრობლემა. თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკოსები გადადიან პარტიიდან პარტიაში, ბლოკიდან ბლოკში, ჯგუფიდან ჯგუფში, მთავრობიდან ოპოზიციაში. ელენე არის ძალიან მებრძოლი ქალბატონი. მან თავისი სახელი უკვე ჩაწერა ისტორიაში შესანიშნავი კონტექსტით. დარწმუნებული ვარ, ის ოპოზიციაში გააგრძელებს ისეთივე ბრძოლას, როგორც ამას აკეთებდა "ევროპულ საქართველოში," - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები