პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძის თქმით, თუ მიიღებს სემეკი გადაწყვეტილებას, რომ გაიზარდოს რეგიონებში ელექტროენერგიის საფასური, მაშინ მმართველ გუნდში შესაძლოა იფიქრონ სუბსიდირების პროექტზე.
"ყოველთვის ხდება ხოლმე ტარიფების ცვლილება. მე ინფორმაცია არ მაქვს ამის შესახებ, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდა, რა თქმა უნდა პარლამენტი მთავრობასთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სუბსიდირებული იყოს ის ხალხი, ვისაც ეს მძიმე ტვირთად დააწვება," - განაცხადა კვიჟინაძემ.
არ არის გამორიცხული ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს. საუბარია მილიონ 200 ათასამდე აბონენტზე. სემეკს ამ მოთხოვნით "ენერგო-პრო ჯორჯია" მიმართავს, რომელიც ელექტროენერგიით რეგიონებს ამარაგებს.
კომპანია აცხადებს, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა აუცილებელია, რადგან დღეს მოქმედი ტარიფი, რომელიც 3 წლის ვადით 2018 წლის 1 იანვრიდან დადგინდა, ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს. კომპანია ამბობს, რომ თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და საინვესტიციო პროექტები, კომპანია ვერ განაგრძობს ოპერირებას და რისკის ქვეშ დადგება ელექტრომომარაგების საკითხი. "ენერგო პროჯორჯია" პასუხისმგებლობას სემეკს აკისრებს და აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა გრძელდება მწვავე განხილვები არაერთ შეუთანხმებელ საკითხზე. ხვალ კომპანიის მოთხოვნას სემეკი სხდომაზე განიხილავს.