პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, გივი მიქანაძე ამბობს, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, გარდა იმ საკითხისა, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს უკავშირდება, ნებისმიერი საკითხი შესაძლებელია ღიად განხილვის საგნად იქცეს.
გივი მიქანაძე ამბობს, რომ მმართველი ძალა ყოველდღიურ რეჟიმში ელოდება, როდის გაიმართება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი.
"გარდა იმ გამყოფი წითელი ხაზისა, რომელიც უკავშირდება 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარებას, ჩვენთვის ნებისმიერი საკითხი წარმოადგენს ღია განხილვის შესაძლებლობას, რომელიც რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საკითხი შეიძლება იყოს და ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტ დახვეწასთან და არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების გატარებასთან არის დაკავშირებული. ამის თაობაზე ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, ამის თაობაზე კონკრეტული წინადადებები იქნა ჩვენი ლიდერების მხრიდან შეთავაზებული როგორც ფასილიტატორი ელჩების მისამართით, ასევე ჩვენი ოპონენტებისთვის იქნა ეს წინადადებები მიწოდებული.
ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ველოდებით, როდის გაიმართება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, რომლის მიმართაც ჩვენ გვაქვს სრული 24 საათიანი მზაობა და შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც კონსტრუქციულ რეჟიმში შეიძლება წარმართოს, მათ შორის დაკავშირებული კანონმდებლობის გარკვეულ რევიზიასთან, რომელიც პირველ რიგში იქნება ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი, ჩვენ ამისი სრული მზაობა გვაქვს, ეს არა ერთხელ დაგვიფიქსირებია.
ჩვენ ველოდებით წინადადებას ამ შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით ჩვენი მეგობარი ქვეყნის ფასილიტატორი ელჩებისგან. იმიტომ რომ მათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი იკისრეს, როდესაც თავის თავზე აიღეს ამ პროცესის ფასილიტირება. ეს დიალოგი რომ მიმდინარეობს, ეს გარკვეულ ოპტიმიზმს ბადებს, რომ შედეგამდე მივალთ და მივაღწევთ ამ შედეგს." -ამბობს მიქანაძე.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ნებისმიერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, რომელიც პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს.
გივი მიქანაძე დარწმუნებულია, უახლოეს პერიოდში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილი.
"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს პერიოდში სხვა პარტიის წარმომადგენლებიც აქტიურად იქნებიან წარმოდგენილი პარლამენტში,“ - ამბობს გივი მიქანაძე.