კენჭისყრამდე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. შეხვედრა, რომელიც თითქმის 3 საათი გაგრძელდა, ფინანსურ პარამეტრებზე მსჯელობას დაეთმო.
შეკითხვები შეეხებოდა ადმინისტრაციულ ხარჯებსაც და მთავრობის გეგმასაც, თუ როგორ აპირებს აღმასრულებელი ხელისუფლება მაღალი, 7.6 პროცენტიანი დეფიციტისა და დაშვებულ 60 პროცენტიან ზღვარს გადაცილებული ვალის შემცირებას.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით ასიგნებები 18,4 მილიარდი ლარია, რაც მიმდინარე წლის მონაცემთან შედარებით 2,5 მილიარდით მეტია. კორექტირებული პროექტი ეკონომიკის 4,3 პროცენტიან ზრდას ითვალისწინებს. დაახლოებით 900 მილიონი ლარი იმ ანტიკრიზისულ გეგმას მოხმარდება, რომელიც პანდემიის გამო შემუშავდა.
მმართველ გუნდს ოპოზიცია საბიუჯეტო სტრატეგიასაც უწუნებს და პანდემიასთან ბრძოლის ტაქტიკასაც. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტებისთვის ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი არც საზოგადოების მოთხოვნებს და არც ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ასახავს.
ოპონენტების საპასუხოდ მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბიუჯეტის წარდგენილი პროექტი არსებული ვითარების გათვალისწინებით, ყველაზე ოპტიმალურია. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ დოკუმენტი, რომელსაც დაამტკიცებენ, გამოწვევებს პასუხობს.
კონკრეტული რეკომენდაციები აქვს ეროვნულ ბანკსა და აუდიტის სამსახურს. უწყებებმა დღეს ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის შესახებ დასკვნები წარადგინეს.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მეათე მოწვევის პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე ხვალ განიხილავს და კენჭსაც უყრის.