მომავალი წლის ბიუჯეტი დღეს უნდა დამტკიცდეს. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე კენჭისყრა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე რამდენიმე საათში მოხდება.
ოპოზიციის ბოიკოტის გამო, ხმის მიცემის პროცესში მხოლოდ უმრავლესობა მონაწილეობს.
"ეს არაჰუმანური და ისეთი ბიუჯეტია, რომელიც მორგებულია "ქართული ოცნების" როგორც პოლიტიკურ, ასევე სხვა ინტერესებზე. ფული, რომელიც უნდა მოხმარდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და მათი სიცოცხლის გადარჩენას, იხარჯება უსარგებლოდ," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი რომან გოცირიძე.
ოპოზიცია წარმოდგენილ პროექტს ეწინააღმდეგება და ამტკიცებს, რომ დაპირების მიუხედავად, მთავრობამ ბიუროკრატიული ხარჯები არ შეამცირა და ის უფრო მეტად მოარგო საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს.
"ჩვენ გვყავს რეჟიმი, პერსონა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობისა და კლოუნების გუნდი, რომელიც პრინციპულად უარს აცხადებს ჩვენი მოქალაქეებისა და მეწარმეებისთვის ტვირთის შემსუბუქებაზე და საკუთარი ხარჯების მფლანგველობითი, მავნებლური და ბრიყვული ხარჯების არსებითად შემცირებაზე. ამის ნაცვლად ზოგ შემთხვევაში ბიუროკრატიული ხარჯების გაფართოებას აქვს ადგილი. ჯამში, არცერთი ადეკვატური ნაბიჯი, რომ კოვიდის გამო პრობლემები შემსუბუქებოდათ ჩვენს მოქალქეებს, მათ არ გადაუდგამთ," - აღნიშნავს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.