17 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
ამ წუთებში რიგგარეშე სესიაზე, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით გადის

ამ წუთებში რიგგარეშე სესიაზე, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით გადის. დღეს დოკუმენტს დეპუტატები კენჭს უყრიან.

დეპუტატების განცხადებით, უცვლელი დარჩა პრინციპი, რომლის მიხედვითაც ამნისტია არ უნდა შეეხოს სქესობრივ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ქურდულ სამყაროს და ორგანიზებულ ჯგუფს."ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ ეს "წითელი ხაზებია" სხვა საკითხებზე კი მსჯელობა გაგრძელდება.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ყურადღებას ამახვილებენ იმის შესახებ, რომ კანონპროექტის განხილვა საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა მოხდეს.

დეპუტატის ბექა დავითულიანის თქმით, კანონპროექტში გარკვეული ეკონომიკური დანაშაულები არ არის გათვალისწინებული და მიიჩნევს, რომ სასურველი იქნებოდა მაგალითად 218-ე მუხლი, გადასახადებისგან თავის არიდება კანონპროექტში გათვალისწინებულიყო.

გარდა ამისა, დეპუტატების მხრიდან პარლამენტის სასესიო დარბაზში კრიტიკა გაისმა იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს განხილვას ოპოზიცია არ ესწრება.

"კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ თუ ჩვენ გავიხედავთ დარბაზში, დავინახავთ, რამდენი ცარიელი ადგილია, მაშინ როდესაც ჩვენ ვიხილავთ ჩვენი საზოგადოებისგან წამოსულ ძალიან დიდ მოთხოვნას, რომელიც ამნისტიის პროექტთან არის დაკავშირებული. ვხედავთ, რომ ჩვენმა ოპონენტებმა, რომელმაც 1%-იანი ბარიერი დაძლიეს, კვლავაც უპასუხისმგებლო და იგნორირების პრინციპში გამოდიან და მოსახლეობის დაკვეთას არ ახორიციელებენ," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ გივი მიქანაძემ.

დღის ამბები