17 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
ნეტა გვესაუბრებოდნენ, ჩვენ ასეთი ბედნიერება არ გვქონია - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მისი მოსაზრება რიგგარეშე არჩევნების 2022 წელს ჩატარებასთან დაკავშირებით განიხილებოდა მხოლოდ იმ სცენარში, თუკი ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, 2021 წელს ვერ მიაღწევდა.

როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ეს არ ნიშნავს, რომ "ლელო" ბოიკოტს წყვეტს, ან 2021 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ ითხოვს. 

"მინდა ხაზი გავუსვა, ძალიან ბევრ ადამიანთან, რომელიც დღეს ოპოზიციის მხარესაა, არ მაკავშირებს არანაირი ღირებულებითი ან ფილოსოფიური კავშირები ან მორალური ამბები. ყველა თავისუფალია თავის კომენტარებში, მაგრამ მინდა ეს ყველაფერი გადავშალოთ და დავუბრუნდეთ ძირითადს. ძირითადში ოპოზიციონერები დღეს აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს - ეს არის მოცემულობა, ძირითადი მოთხოვნა არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რაც შეიძლება სწრაფად - 2021-ში.

მე არ ვაპირებ ირაკლი ოქრუაშვილისა და შალვა ნათელაშვილის კომენტარებზე კომენტარის გაკეთებას, საქმეზე ვილაპარაკოთ, საქმე კიდევ მდგომარეობს შემდეგში: ოპოზიცია ყველა ღონისძიებას ხმარობს დღეს და ის ბერკეტი გააჩნია, რომ არ შედის პარლამენტში. ამას დაემატება საკმაოდ სერიოზული გამოხმაურება ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან, როგორც კი ახალი წელი გადაივლის. ამას, სამწუხაროდ, ემატება ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. "ქართული ოცნება" იძულებული იქნება დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, რაც უფრო სწრაფად, მით უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ, თუ რაღაც მიზეზის გამო ეს ვერ მოხდა და ჩვენ ჩვენი ძალისხმევით ვერ მივაღწიეთ, ერთადერთი ვარიანტი რჩება, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი, სრულად პროპორციული არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე, რადგან ჩვენ შემოდგომაზე გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩასატარებელი.

თუმცა, ამას ვგულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იცვლება საარჩევნო კანონმდებლობა. ეს ვარიანტი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება ვერ შედგა ყველა მეთოდის გამოყენების მიუხედავად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც ბოიკოტს ანებებს თავს ან იმას, რომ ვიღაც 2021 წელს არჩევნებს არ ითხოვ,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ უპასუხა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "ოცნება" 5 ოპოზიციურ პარტიას ფასილიტატორების გარეშე ხვდება. მან აღნიშნა, რომ "ლელო" მათ რიცხვში არ არის და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მხოლოდ ფასილიტატორების ჩართულობით აწარმოებს.

"ნეტაი გვესაუბრებოდნენ და ძალიან ღიად მოვუყვებოდით საზოგადოებას, რას გვეტყოდნენ და რას ვუპასუხებდით. ჩვენ ასეთი "ბედნიერება" არ გვქონია. ესეც ტიპიური ხრიკია, რომ საზოგადოებას უთხრან, რომ თითქოს ვიღაცები ჩუმჩუმად დადიან. არ ვიცი ვინ დადის, მაგრამ ჩვენი, "ლელოს" მოლაპარაკება ხდება მხოლოდ ფასილიტატორების მეშვეობით,"-აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. 

დღის ამბები