პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარტიებისთვის დაფინანსების წესის შეცვლაზე საუბრობს.
როგორც "დღის კურიერში" სტუმრობისას თალაკვაძემ აღნიშნა, გაუგებარია, თუ იღებდნენ ის პარტიები იმ პარლამენტისგან დაფინანსებას, რომლის ლეგიტიმურობასაც არ აღიარებენ.
ამასთან, თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის სურვილია, პარტიებმა რომლებმაც ზღვარი გადალახეს, პარლამენტში შევიდნენ და დაფინანსება მიიღონ.
"ჩვენ ვიზიარებთ ყველა იმ მოქალაქის მოსაზრებას და არგუმენტებს, რომელიც არსებობს ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით. პარტიები დაფინანსებას იღებენ არჩევნების შედეგზე დაყრდნობით, ეს არის მოცემულობა, რაც კანონში წერია, შემდეგ შედიან პარლამენტში, თუ გადალახეს ბარიერი და პარლამენტში მუშაობენ იმ ადამიანებისთვის, ვინც მათ მხარი დაუჭირეს და გადასახადებიდან აფინანსებენ. ეს არის მოცემულობა და არ არის სადაო. შესაბამისად, თუ პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ არ ეთანხმება და არ მიიჩნევს, რომ ლეგიტიმურად არჩევნებს და მის შედეგებს, რის საფუძველზეც მან უნდა მიიღოს დაფინანსება, მაშინ ამიხსენით ლოგიკა?! ვინ თქვა, რომ ბოიკოტის გამო უწყდებათ მათ დაფინანსება?! ეს ინიციატივა ეფუძნება იმ ლოგიკას, რომ თუ შენ არ აღიარებ იმ იურიდიულ, ლეგიტიმურ მიზეზს, რის საფუძველზეც უნდა მიიღო დაფინანსება, მაშინ დაფინანსება როგორ უნდა მიიღო?! ეგ არის პრობლემა.
ჩვენი სურვილი არის, რომ პარტიები, რომლებიც ხალხმა აირჩია იყვნენ პარლამენტში. ჩვენი სურვილი არის, რომ მათ მიიღონ დაფინანსება, იმისთვის, რისთვისაც კანონმდებლობა ამ დაფინანსებას ითვალისწინებს და ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტში ძლიერი ოპონენტები გვყავდეს. ეს ცალსახად არის ჩვენი გაცხადებული სურვილი, ზუსტად ამ სულისკვეთებით ვმონაწილეობთ ჩვენ დიალოგში, სხვაგვარად არ მივიღებდით დიალოგში მონაწილეობას.
თალაკვაძის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მმართველი გუნდი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს ყოველთვის ითვალისწინება, შესაბამისად ამიტომ გააგზავნეს კანონპროექტი ეუთო/ოდირში შეფასებისთვის.