17 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
მიგვაჩნია, რომ გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის ჯანსაღ მხარეზე არიან - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი არის ტესტი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, არის თუ არა პოლიტიკური პარტია მომავალზე ორიენტირებული.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებს - გიორგი ვაშაძესა და თაკო ჩარკვიანს ჯანსაღი ოპოზიციის ნაწილად მიიჩნევს. 

"საარჩევნო რეფორმა არის ის მაკონსოლიდირებელი საკითხი, რომელიც იქნება ტესტი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, არის თუ არა პოლიტიკური პარტია მომავალზე ორიენტირებული და აქვს თუ არა მას დემოკრატიულობის პრინციპები. ალეკო ელისაშვილი გახლავთ ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი, თუ რა პროცესები მიდის ოპოზიციის შიგნიდან, რამდენად არადემოკრატიულია ეს ე.წ. გაერთიანება თავის თავში. როგორც კი ალეკო ელისაშვილმა, "გირჩის" წევრებმა თუ სხვა ოპოზიციონერებმა ოდნავ განსხვავებული დამოკიდებულება თუ მოსაზრება დააფიქსირა, თქვენ ნახეთ, როგორი თავდასხმები იყო მათზე. როგორი ზეწოლა და ორკესტრირებული შეტევა იყო ოპოზიციის კონტროლირებული ტელევიზიებიდან და ლიდერებისგან, რომლებსაც, რეალურად, მიჰყავთ, ეს პოლიტიკური შანტაჟის სქემა. ამიტომ, მე მგონია, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პირი, ლიდერი, აუცილებლად გამოიტანს აქედან დასკვნებს.

რაც შეეხება გიორგი ვასაძეს და თაკო ჩარკვიანს - აქაც გეტყვთ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი არიან ოპოზიციის ჯანსაღ მხარეზე და მათაც აინტერესებთ პროცესები სტაბილური მმართველობის, საპარლამენტო პოლიტიკის და კიდევ უფრო გაუმჯობესებული არჩევნებით გაგრძელდეს. რაც შეეხება თაკო ჩარკვიანს და, შესაძლოა, სხვა მის კოლეგებსაც ოპოზიციაში, არ უნდა გაგვიკვირდეს, ოპოზიციამ შეიძლება ამ პოლიტიკურ დიალოგსაც ვაჭრობა დაარქვას, თუ გამოიკვეთა, რომ ეს კონკრეტული შედეგებისკენ მიდის. ჩვენ ეს ვნახეთ მაშინაც, როდესაც ოპოზიციამ შემოიტანა ისეთი საკითხები, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და პოლიტიკურ მაგიდაზე დადო, ეს იყო ყველაფერი მცდელობა, რომ ჩაეშალათ და დაებლოკათ ეს მოლაპარაკებები, ესაა სიმართლე,"-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

არჩილ თალაკვაძემ "ჯანსაღი ოპოზიციის" კონტექსტში მოიაზრა პარტიები - "მოქალაქეები", "გირჩი" და "სტრატეგია აღმაშენებელი", რომლებიც, მისი თქმით, კარგი იქნება, თუ "ქართულ ოცნებასთან" ერთად ჩაერთვებიან პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენასა თუ სოციალური პრობლემების მოგვარების პროცესში. 

დღის ამბები