"არ შეიძლება, საპარლამენტო არჩევნების ბედი თვითმმართველობის არჩევნებს მიაბა" - ასე პასუხობს მმართველი გუნდი გირჩის მიერ გავრცელებულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, თუ "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე ხმათა 48 პროცენტს ვერ მიიღებს, შესაძლოა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. განცხადება ამ თემაზე გუშინ "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში იაგო ხვიჩიამ გააკეთა.
ფრაქციის ლიდერი გამორიცხავს ამ თემაზე მსჯელობას და აცხადებს, რომ ეს ოპოზიციის შიდა საუბრებია და მსგავსი შინაარსის მოლაპარაკებებში "ქართულ ოცნებას" მონაწილეობა არ მიუღია.
"დღეს ირკვევა, რომ ეს არის ოპოზიციის შიდა საუბრები, იქ განიხილავენ რაღაც ვერსიებს, უფრო მეტიც, იქ განიხილება ვერსია თუ "ოცნება" წააგებს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს, ამ შემთხვევაში მათ ექნებათ მეტი ლეგიტიმაცია, რომ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვონ. რაღაც ვერსიებს აყალიბებენ, რაც თავიდანვე, ჩანასახში არასწორია. მსგავს საუბრებში "ქართული ოცნება" მონაწილეობას ვერ მიიღებს. დღეს კი არა, მომავალ პროცესებს დავაზიანებთ ამ მიდგომით," - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოლაპარაკებებში "ქართული ოცნება" არ განიხილავს რიგგარეშე არჩევნებს და მისი განცხადებით, ამ კონტექსტში საპარალამენტო არჩევნების რამენაირად დაკავშირება თვითმმართველობის არჩევნებთან არ შეიძლება.
"მოლაპარაკებების ერთ-ერთი დათქმა არის ის, რომ ჩვენ მის შინაარსზე დასრულებამდე არ ვისაუბროთ. თუმცა, რა თქმა უნდა, მოთხოვნები ოპოზიციის მხრიდან ახალ არჩევნებთან დაკავშირებით მუდმივად ისმოდა. ჩვენი დამოკიდებულებები კი ამასთან დაკავშირებით პრინციპული იყო. რაც შეეხება საპარალამენტო არჩევნების რამენაირად დაკავშირებას თვითმმართველობასთან, დღესაც ვამბობთ, რომ ამ მოლაპარაკებებში "ქართული ოცნება" არ განიხილავს რიგგარეშე არჩევნებს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ არ იცის ამ იდეის ავტორი ვინ არის, მაგრამ მისი სურვილია, თუ ამ იდეას ავტორი დასჭირდება, ეს სანდრო რაქვიაშვილი იყოს.
"დიდი ხანია ეს იდეა პოლიტიკურ წრეებში მუსირებს და არ ვიცი, ვინ არის ამის ავტორი. მე მაქვს ისეთი შინაგანი რწმენა, რომ ეს ფასილიტატორებისგან მოდის. თუმცა, ვიტყოდი, რომ ეს იდეა ძალიან მომწონს და დიდი სიამოვნებით დავიბრალებდი, რომ ეს "გირჩის" იდეაა, მაგრამ ასე არ არის. ოფიციალურად ამაზე საუბარი რომ არ ყოფილა, ეს ვიცი, მაგრამ იდეა რომ არსებობდა, ესეც ფაქტია. თუ ამას მაინცდამაინც ავტორი სჭირდება, მზად ვართ სანდრო რაქვიაშვილი დავასახელოთ ამის ავტორად," - აღნიშნავს პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.