ყველა პოლიტიკური პარტია 2020 წელს მძიმეს უწოდებს. მათი განცხადებით, ბოლო ერთ წელში განსაკუთრებით ბევრმა პრობლემამ მოიყარა თავი.
"მძიმე წელი იყო ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ იყო ბევრი წარმატებაც. ოპოზიციამ მოახერხა და ერთიანობა არ დაარღვია. 2021 წელი კი უმძიმესი წელი იქნება პოლიტიკური კუთხით, ამის თქმა გულახდილად შემიძლია, მაგრამ მოვლენებით დახუნძლული წელიწადი შედეგს მოიტანს," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია.
2020 წლის მიღწევად ოპოზიციაში, ერთიანობასა და ამომრჩევლის ხმების დაცვას მიიჩნევს. ისინი იმედოვნებენ, რომ 2021 წელი პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს.
"2020 წელი პოლიტიკური დაპატიმრებებით დავიწყეთ, დაიწყო პანდემია, რომელმაც აბსოლუტურად უკონტროლო სახე მიიღო და საბოლოო ჯამში კი იყო გაყალბებული არჩევნები, რომლის შედეგადაც ერთპარტიული პარლამენტი მივიღეთ. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მთავარი პოლიტიკური მიღწევა იყო ის, რომ ბოიკოტი შედგა. ეს კი მიგვიყვანს იქამდე, რომ "ქართული ოცნება" იძულებული გახდება რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს," - აღნიშნავს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავა.
ოპოზიციურ სპექტრში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული კრიზისი კორონავირუსმა და ასევე გაყალბებულმა არჩევნებმა გამოიწვია.
"ბევრი პრობლემა ერთდროულად დაგვატყდა თავს, საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით პანდემიის გავრცელების პირობებში, რაც ასევე უზარმაზარი გამოწვევა იყო ჩვენთვის. ამას კი დაემატა პოლიტიკური კრიზისი," - აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.
ზურაბ ჯაფარიძემ წლის შეჯამებისას აღნიშნა, რომ 2020 ძალიან მძიმე წელი იყო.
"მოსახლეობას იმედი ჰქონდა, რომ ორი ვადის ამოწურვის შემდეგ, ხელისუფლება შეიცვლებოდა და რაღაც გამოვიდოდა, ეს ყველაფერი კი არჩევნების შედეგების გაყალბებით დასრულდა. ამ წუთში კი გვაქვს რეალობა, როდესაც ქვეყანაში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი და მოსახლეობის ნახევრის მიერ არჩეული არც ერთი პოლიტიკოსი პარლამენტში არ არის, სხედან, ცალ კარში თამაშობენ რაღაცებს. ძალიან მძიმე წელი იყო," - აღნიშნავს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე.
ალეკო ელისაშვილი კი ისურვებდა, ხალხი მხარს უჭერდეს ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ეს ქვეყანა მართლა უყვართ.
"ძალიან მინდა, რომ ეს წელი დავივიწყოთ თავისი პოლიტიკური კომპონენტითაც, კორონავირუსითაც და სიღატაკითაც. ვისურვებდი ხალხი მხარს უჭერდეს ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ეს ქვეყანა მართლა უყვართ და მხოლოდ ჯიბიდან და თავიანთი პარტიული ინტერესიდან არ ზომავდნენ ამ ყველაფერს,"- აცხადებს პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი.