საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას ახალი წლის დადგომა მიულოცა - სალომე ზურაბიშვილის თქმით, გასულ წელს მთელი მსოფლიო და საქართველოც უამრავი გამოწვევის წინაშე დადგა, თუმცა, ის ამბობს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ ბევრ ძლიერ ქვეყანაზე ეფექტიანად გამკლავებოდა პრობლემებს.
"2020 წელს ვემშვიდობებით! ეს წელი უმძიმესი აღმოჩნდა მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყველას, ვინც ამ ურთულეს პერიოდში დაკარგა ოჯახის წევრი, ახლობელი თუ მეგობარი.
პანდემიამ შეცვალა მსოფლიო - შეარყია ეკონომიკა, ჩაგვიკეტა საზღვრები, ჩვენც შეგვცვალა - შიში ჩაგვინერგა.
უარყოფითთან ერთად, პანდემიამ დაგვანახა, რომ გადარჩენა მხოლოდ სოლიდარობით, ერთმანეთის ნდობით და გაფრთხილებით შეიძლება; პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა დაავადების დამარცხების ერთადერთი გზაა! მთავარია, არ მივეცეთ სასოწარკვეთილებას, რამეთუ ყველაფერ ცუდს კარგი მოსდევს.
პირველ რიგში, ეს ეხება ჯანდაცვის სფეროს. მისი წარმომადგენლები - ეპიდემიოლოგიები, ექიმები, ექთნები, სასწრაფოს მუშაკები - ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ, უშუალოდ განიცადეს ყველა დარტყმა და დანაკარგი. მათ შორისაც დიდია მსხვერპლი. თუმცა, იმავდროულად აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ გვყავს მსოფლიო დონის პროფესიონალები და ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო იმას, რასაც ჩვენზე ძლიერმა ქვეყნებმა ვერ გაუძლეს.
ამას არ ველოდით და გაგვიკვირდა. ამით ჩვენ დავიმსახურეთ მსოფლიოს მხრიდან მაღალი შეფასება, რამაც განაპირობა მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა.
პანდემიის მართვის პროცესში ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა დაეკისრა ჩვენს პოლიციას და თავდაცვის ძალებს. აქაც შეგვიძლია ვიამაყოთ - იმით, თუ როგორი თავდადებითა და რა ეფექტურად გაართვეს მათ თავი ამ ურთულეს და უჩვეულო სიტუაციებს.
მსოფლიო კარანტინმა ძლიერი დარტყმა მიაყენა ჩვენს ეკონომიკას, კერძოდ, ტურისტულ სფეროს. თუმცა, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციამ ბევრ ოჯახს მისცა საშუალება საქართველო ხელახლა აღმოეჩინა. ბევრს სოფლად დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ამით ჩვენ - ყველამ ერთად - მოვახერხეთ შევხიდებოდით ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დაზარალებულ სფეროს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.