17 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" ზოგიერთმა წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ ისინი მზად არიან შემოვიდნენ პარლამენტში - გიორგი კახიანი

პარლამენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობს. საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უკვე იმსჯელეს.

შესაბამისი მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს მიმართეს ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ.

"კომიტეტმა განიხილა საკითხი და პარლამენტის სამივე წევრის ნება არის დაკმაყოფილებული. ბუნებრივია, რომ შერწყმულია როგორც სამართლებრივი პროცედურული ნაწილი, ასევე პოლიტიკური ნაწილი. ზოგადად, პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად და ჩვენ როგორც პოლიტიკურ ძალას, გვინდა, რომ პროცესი, რომელიც შეთანხმებისკენ მიდის, მინიმალურად ან საერთოდ არ დაზიანდეს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მე-5 რაუნდზე მოხდება შეთანხმება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც არსებობს ქვეყანაში," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გიორგი კახიანი აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი შეთანხმებამდე სიფრთხილით ეკიდება ოპოზციის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

"ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ რაუნდზე საბოლოოდ გადაწყდება საკითხი, რომლის შედეგადაც ჩვენ პოლიტიკურ შედეგს მივიღებთ, რაც აისახება იმაში, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი შემოვა პარლამენტში. ამიტომ, ვიდრე ეს შეხვედრა არ შედგება, ჩვენ სიფრთხილით ვუდგებით უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

რაც შეეხება იმ შემთხვევას, რომელიც დღეს განიხილა საპროცედურო კომიტეტმა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ საჯაროდ, რომ ამ პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ ისინი მზად არის შემოვიდნენ პარლამენტში," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გიორგი კახიანი.

დღის ამბები