17 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ამნისტიის პროექტის მიხედვით, შეღავათი ქალ მსჯავრდებულებს და ახალგაზრდებს შეეხებათ

ამნისტიის პროექტში შევა ცვლილებები, რომლითაც დამატებითი შეღავათი შეეხებათ ქალ მსჯავრდებულებს და ახალგაზრდებს, რომლებიც სასჯელს იხდიან. დეპუტატებს შორის არის კონსენსუსი, რომ მათ, შესაძლოა, პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალოთ.

"გათვალისწინებული იქნება შინაპატიმრობით ცალკეული კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შეცვლა. ამ შემთხვევაში, იგულისხმება ორი ძირითადი ჯგუფი, ეს გახლავთ სტუდენტები, რომლებსაც შეიძლება შეეცვალოს და მეორე - ქალი მსჯავრდებულები, რომლებსაც ჰყავთ  არასრულწლოვანი შვილები. ჩამკეტი მუხლებით ამგვარი მექანიზმის დაშვება, ვფიქრობთ, ყველა შემთხვევაში სწორი მიდგომაა და სწორი დამოკიდებულებაა ამ კატეგორიის მსჯავრდებლებთან მიმართებით. 

ერთი მხრივ, პირველ რიგში, როდესაც საუბარი გვაქვს სტუდენტებზე, შეიძლება სწორი მიმართულებით განვითარების ხელშეწყობა მსჯავრდებულთა შორის და ეს სწორი მესიჯი იქნება - ერთი მხრივ, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის წამახალისებელი ფაქტორი იქნება და მეორე, რაც შეეხება არასრულწლოვანი შვილების მშობლებს, ამ შემთხვევაში, შეიძლება ეს არგუმენტირებული იყოს იმით, რომ სწორედ არასრულწლოვანი შვილების ინტერესები შეიძლება განსაკუთრებულად მოითხოვდეს ამგვარი დამოკიდებულებას,“ - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც ამნისტიის შესახებ მომზადებულ კანონპროექტის შესახებ მსჯელობენ, საუბარი იყო ეკონომიკური ხასიათისა და ფინანსური ხასიათის დანაშაულზე. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი დათქმა იქნება გათვალისწინებული.

ნაწილობრივ ეს ეხება დაზარალებულების პოზიციას და მათ თანხმობას, რომ მსჯავრდებული პირი გათავისუფლდეს დანაშაულისგან და ასევე ეხება ზარალის ანაზღაურებას.

საუბარი იყო ვადებთან დაკავშირებითაც,  თუ რა დროში უნდა მოხდეს როგორც თანხმობის მიღება, ასევე ზარალის ანაზღაურება.

"რამდენიმე ეკონომიკური დანაშაულის დამატება მოხდა, რომელიც გაითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და ნასამართლეობის არმქონე პირის გათავისუფლებას, რომელსაც ჩადენილი აქვს ეკონომიკური სახის დანაშაულები, ფინანსური დანაშაულები. წინაპირობად უკვე გათვალისწინებულია ზიანის ანაზღაურება დაეკისრება პირს, შესაბამისად, თუ ის შეძლებს, მომდევნო 6 თვის განმავლობაში ზიანი სრულად აანაზღაუროს, ასეთ შემთხვევაში მას ექნება საშუალება, მსგავსი შეღავათით ისარგებლოს," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ და აღნიშნა, რომ 6-თვიანი პერიოდი გონივრულია. 

დღის ამბები