"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსის" მიმართ გატარებული ღონისძიებები არის ტერორი. მანვე აღნიშნა, რომ არც ერთი მათგანის პარლამენტში შესვლა ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას ვერ შეძლებს.
"ეს არის ტერორი და ერთპარტიული არალეგიტიმური ტირანიის კიდევ ერთი დადასტურება. ამით გვითხრეს - არ შემოდიხართ პარლამენტში? ახლა დაგსჯით და მოღალატე, თქვენსავე სიაში ჩასმულ ბიზნესმენებს შემოვუშვებთ პარლამენტშიო. ხოლო, ეს ბიზნესმენები ვინ არიან, ქვეყნიერებამ იცის. ესენი არ არიან პოლიტიკური ფიგურები და ეს ვერ შეძლებს ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას," - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.
"ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ვინც არ უნდა შევიდეს ახლა პარლამენტში, გამოდის, რომ ის შედის "ქართული ოცნების" რიგებში.
"ის რომ "პატრიოტთა ალიანსიდან" ე.წ დუბლების შეყვანას ახორციელებს "ქართული ოცნება" პარლამენტში, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს პარლამენტი ერთპარტიულია. ამიტომ, ვინც არ უნდა შევიდეს ახლა პარლამენტში, გამოდის, რომ ის შედის "ქართული ოცნების" რიგებში. მათ მოუწევთ იმის აღიარება, რომ არჩევნები გააყალბეს" - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი.
"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი სერგო ჩიხლაძე კი ამბობს, რომ თუკი "პატრიოტთა ალიანსიდან" რამდენიმე ადამიანი გადაწყვეტს პარლამენტში შესვლას, ეს არ ნიშნავს, რომ ეს შესვლა პარტიულია.
""პატრიოტთა ალიანსის" განცხადება ცნობილია. ერთი და ორი დეპუტატი ამ პარტიიდან თუ გადაწყვეტს, რომ პარლამენტში უნდა შევიდეს, ეს არ იქნება პარტიული შესვლა და პარლამენტსაც ვერ შესძენს მრავალპარტიულობას. ასე რომ, ოპოზიციის გეგმები არ იცვლება. "სტრატეგია აღმაშენებლიდან" არცერთი არ შედის პარლამენტში და სიებიც უკვე ჩახსნილია," - აღნიშნავს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.