პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის" სამი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. "პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის: დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და მხარი ერთხმად დაუჭირა.
პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია თავიანთ გადაწყვეტილებას ხსნის და ამბობს, რომ ყველა მოაზროვნე ოპოზიციური პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არ არის და ვისაც მანდატი აქვს, ის პარლამენტში უნდა იყოს.
"დღეს ჩვენ, ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქანაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი, როგორც პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტში ვერთვებით საპარლამენტო მუშაობაში და მიგვაჩნია საზოგადოებას განვუმარტოთ ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზები და მიზნები.
დღეს ქვეყანა ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას, პანდემიამ შექმნა მძიმე ეკონომიკური კრიზისი და გაართულა ჩვენი მოქალაქეების ისედაც რთული სოციალური მდგომარეობა. ამ ვითარებაში ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დასაძლევად პოლიტიკურ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე.
ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ოპოზიციური პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არ არის, ის, ვისაც ამის მანდატი აქვს, ის უნდა იყოს პარლამენტში. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ამომრჩევლებს, მათ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა მცირე იყოს ის, შევდივართ პარლამენტში იმისათვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას.
როდესაც არჩევნების გაყალბების საფუძვლით არ შედიხარ პარლამენტში, ამას საფუძვლიანი მტკიცებულებები ესაჭიროება. ჩვენ კი ასეთი მტკიცებულებები ოპოზიციური პარტიებისგან ვერ ვიხილეთ," - აცხადებს ფრიდონ ინჯია.