უკვე ცნობილია ის მუხლები, რომელთაც ამნისტიის შესახებ კანონი შეეხება. პარლამენტი მუშაობას 11 იანვრიდან დაიწყებს. თუმცა აღნიშნული მუხლები მანამდე ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
დაემატა 30-ზე მეტი მუხლი, რომელიც პროექტის პირველ რედაქციაში არ ყოფილა. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე დანაშაულზე, მათ შორის საუბარია ნარკოტიკული ხასიათის კანონდარღვევაზე და ეკონომიკური სახის დანაშაულზე. ასევე ქალ და არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე.
"ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები შედის ასევე სისხლის სამართლის საპროცესო და სისხლის სამართლის კოდექსებში.
"ფუნდამენტური პრინციპი ამნისტიის შენარჩუნებულია. ეს არის ის, რომ გარკვეულ კატეგორიებს არ შეეხოთ ამნისტია, მათ შორის მოიაზრება ოჯახში ძალადობა, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული და გარკვეული სამოხელეო დანაშაულები. უპირატესად სწორება დარჩა არაძალადობრივ დანაშაულებზე. რაოდენობა, ვისაც ამნისტია შეეხება, საკმაოდ დიდია, მათთვის თითოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა, აქედან გამომდინარე, ჩვენც ძალიან მონდომებულები ვართ სწრაფად იქცეს კანონად და შემდეგ კვირაში, მოხდეს მესამე მოსმენით მიღება"-აღნიშნავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
"მეორე მოსმენისას მივიღეთ დაბალანსებული მოდელი, ერთის მხრივ კონკრეტული პირებისთვის შეღავათის გაწევასა და მეორეს მხრივ საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას შორის. შესაძლებელია გარკვეული რისკები ახლდეს, თუნდაც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ამნისტირებას, თუმცა ჩვენი სამართალდამცველები მოწოდების სიმაღლეზე იმუშავებენ და საზოგადოება ამ რისკის წინაშე არ უნდა დადგეს,"- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.