დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებაზე საუბრისას მაგალითად 2012 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნები მოიყვანა.
სენატორის თქმით, ის თავის კოლეგასთან ერთად არჩევნების დროს საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. სენატორ შაჰინის თქმით, მნიშვნელოვანია, მომავალი თაობები აცნობიერებდნენ, რომ ამერიკა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოები ყველგან, დამოკიდებულია ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემაზე:
"2012 წელს ჩემს კოლეგა სენატორ რიშთან ერთად ვიმყოფებოდი საქართველოში და სენატის სახელით ვაკვირდებოდი არჩევნებს. ჩვენ შევთანხმდით საერთაშორისო შეფასებაზე, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი და "ქართული ოცნება" იყო გამარჯვებული. მაგრამ ქვეყანაში წუხილი იყო იმის შესახებ, რომ სააკაშილი უარს იტყოდა ძალაუფლების დათმობაზე და ეს გამოიწვევდა ძალადობას, დაასრულებდა დემოკრატიულ რეფორმებს. ჩვენ მივუთითეთ სააკაშვილს, რომ დემოკრატიის ფუნდამენტი, რომლისთვისაც მან, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ბევრი იშრომა 8 წლის განმავლობაში, ძალაუფლების მშვიდობიანი არჩევნების გზით გადაცემა იყო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენ მოგვისმინა და მშვიდობიანად დატოვა ძალაუფლება,"- განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ და მასობრივი არეულობა მოაწყეს. შენობაში მომიტინგეების შეჭრის შემდეგ კონგრესის ორივე პალატის სხდომა შეჩერდა.