ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებს ქართველი ექსპერტები აფასებენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი ვასილ კაჭარავა მიიჩნევს, რომ ამერიკა თავისი ტრადიციული კურსით გააგრძელებს სვლას, თუმცა, მისი შეფასებით, მოსალოდნელია ბევრი ცვლილება, მათ შორის, რეპრესიული ხასიათის.
"რასაკვირველია, კრიზისი, გარკვეულწილად, არის, თუმცა ეს კრიზისი არ ჩამოანგრევს ამერიკის დემოკრატიას. ბუნებრივია, საზღვარგარეთაც გაუხარდათ. ამერიკა მდიდარი, ძლიერი ქვეყანაა, დემოკრატიის ფლაგმანი, წავა თავისი ტრადიციული კურსით, თუმცა ბევრი ცვლილებები, მათ შორის, რეპრესიული ხასიათის, ალბათ, იქნება. იმპიჩმენტს ვერ მოასწრებენ ძალიანაც რომ უნდოდეთ, ცოტა დროა და სწორედ ამ ხერხის გამოყენება უნდათ. მართლაც აღმაშფოთებელი იყო ეს შეჭრა, მაგრამ, ჩემი აზრით, გაცილებით აღმაშფოთებელი იყო ზაფხულში გადამწვარი ამერიკული ქალაქები, მაგრამ მაშინ დემოკრატებს და მეინსტრიმს ასეთი რეაქცია არ ჰქონიათ. ეს ორმაგი სტანდარტია და ეს იმუშავებს. ბევრს აღიზიანებდა ტრამპი, ჰქონდა ნიჭი მტრების გაჩენის, მაგრამ ამ ოთხი წლის მანძილზე თავის ქვეყანას მგონი ძალიან წარმატებულად ემსახურა,"-განაცხადა ვასილ კაჭარავამ.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის, თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ბოლოდროინდელი მოვლენები აშშ-ს რეპუტაციას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.
"თავისთავად, პრობლემა მნიშვნელოვანწილად შექმნა იმან, რომ ტრამპი იყო სრულიად ამოვარდნილი ამერიკული პოლიტიკური გარემოდან, იყო გარედან მოსული, აღმოჩნდა საკმაოდ არაადეკვატური და, რა თქმა უნდა, პრობლემების დიდი წილი მის კისერზეა. მაგრამ, მისი წასვლით პრობლემები ბოლომდე არ გაქრება. ეს იყო სერიოზული რეპუტაციული დარტყმა, მაგრამ, ამის მიუხედავად, არსად არ წასულა ეკონომიკის დიდი ეკონომიკა, დიდი შეიარაღებული ძალები და ამერიკის იდეა. ეს არ წასულა არსად, მადლობა ღმერთს,"-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ერთობლივ სხდომაზე არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება უნდა დაემტკიცებინათ. დაიღუპა ოთხი ადამიანი.