17 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას ახალი არჩევნების დანიშვნამდე ელჩების გაწვევისა და სანქციების დაწესების თხოვნით მიმართავს

შალვა ნათელაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს. განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გაავრცელა.

როგორც ნათელაშვილი წერს, დღეს საქართველოში ევროპის მასშტაბით ერთადერთი ერთპარტიული პარლამენტია, რადგან ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთსულოვანი უარი განაცხადა იმ ორგანოში შესვლაზე, რომლის არჩევნებიც გაყალბდა.

"საქართველო სწორედ ევროპული არჩევანის გამო დასაჯა მოსკოვმა, მოახდინა მისი 20%-ის ოკუპაცია, დაგვიწესა ეკონომიკური ბლოკადა, დაგვიხოცა უამრავი მოქალაქე. ევროპამ კი სანქციებიც არ დააწესა,"-აღნიშნავს ნათელაშვილი.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ითხოვს, საერთაშორისო საზოგადოებამ არ ცნოს არჩევნების ლეგიტიმურობა.

"ახალი არჩევნების დანიშვნამდე ქვეყნებმა უნდა გაიწვიონ ელჩები საქართველოდან და დააწესონ სანქციები ივანიშვილისთვის და მისი გარემოსთვის,"-წერს ნათელაშვილი. 

მოგვიანებით, შალვა ნათელაშვილმა იმავე საკითხებზე პრესკონფერენციაზეც ისაუბრა.

"საქართველოს ჰყავს ერთადერთი კონტინენტზე, ერთპარტიული, პროპუტინისტური პარლამენტი და მოვითხოვთ მის არალეგიტიმურად ცნობას, ივანიშვილზე სანქციებს და ქართველ ხალხზე მხარდაჭერას ახალი არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც უნდა გაიმართოს უახლოეს ხანებში.

როდესაც ერთპარტიული პარლამენტი არ იქნება აღიარებული ლეგიტიმურ სტრუქტურად, მაშინ უნდა მოხდეს, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ურთიერთობის დაყვანა დესპანების დონეზე, საელჩოები რჩება, მაგრამ ხელისუფლება არ იქნება აღიარებული ლეგიტიმურად, სანამ ახალ არჩევნებს არ გამოაცხადებენ. რამდენიმე თვე ელჩები დაისვენებენ და დატოვებენ დესპანებს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბუნებითი მოკავშირე ევროპა დადგება ქართველი ხალხის და არა პუტინის ოლიგარქ ივანიშვილის გვერდით,"-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები