ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ არ სჯერათ ბიძინა ივანიშვილის გადაწვეტილების და მის მიღმა პოლიტიკურ თამაშს ხედავენ.
პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ის არსად არ წასულა და მთელი პოლიტიკური სისტემა ისევ ბიძინა ივანიშვილზე დგას.
"არსად, რა თქმა უნდა, ის არ წასულა. მთელი სისტემა დგას ბიძინა ივანიშვილზე. აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მის მიერ კონტროლირებადი და უბრალოდ გვთავაზობს რაღაც თამაშს, რომელშიც არც კი უნდა შევყვეთ ოპოზიცია. მთავარი გამოწვევა დღეს ის კი არ არის, ბიძინა ივანიშვილმა რა თამაში დაგვიდა, მთავარი გამოწვევა არის ის პრობლემები, რომელიც უმძიმესად აწევს მოსახლეობას,“ - ამბობს ელენე ხოშტარია.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სცენას არ ტოვებს როგორც გამარჯვებული.
"ამ ნაბიჯის მიუხედავად, საქართველოში ვითარება არ მსუბუქდება იმ გაგებით, რომ ქვეყანა კვლავ არის მიტაცებული სახელმწიფო. ის არ ტოვებს ამ სცენას როგორც გამარჯვებული პოლიტიკური ლიდერი. მთელი ეს 8 წლიანი მმართველობა და ეს ნაბიჯიც არის მხოლოდ და მხოლოდ იმი დასტური და აღიარება, რომ ის არის დამარცხებული პირველ რიგში საკუთარ დაპირებებთან, რომელიც მან გასცა,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
პარტია ”ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის” პოლიტიკური საბჭოს წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორდება.
"ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრეობა არის მძიმე. მან დატოვა ვერტიკალში მყოფი დამორჩილებული სასამართლო, კორუმპირებული პროკურატურა, კორუმპირებული ქვეყანა. ელიტური კორუფცია კი აღარ არის, მასობრივი კორუფცია დატოვა, დატოვა უპერსპექტივობა, სიღარიბე, შესაბამისად, ესე უბრალოდ წახვიდე, ეს ესე არ გამოვა, პასუხისმგებლობა არის ამაზე საჭირო. მისი ვნებები არის ხელისუფლება და ძალაუფლება, ამიტომ მე არ მჯერა რომ ის სადმე წავიდა,“ - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
პოლიტიკური გაერთიანება ”ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ მას "ქართული ოცნების" შიდა სამზარეულოზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
"მე ამის გამოცდილება არ მაქვს, ოცნებაში რა, როგორ ხდება. ეს იმათი სამზარეულო და იმათი გადასაწყვეტია. ისინი ირჩევენ თავმჯდომარეს, თუ სხვა მდივნებს,“ - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.