17 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
ამნისტია დამტკიცებულია - ხანგრძლივი დისკუსიებისა და მოლოდინის შემდეგ შეღავათს 10 000-ზე მეტი პირი მიიღებს

2021 წლის ამნისტიის პროექტი უკვე კანონად იქცა. ხანგრძლივი დისკუსიებისა და მოლოდინის შემდეგ შეღავათს 10 000-ზე მეტი პირი მიიღებს. 

ამნისტია სასჯელის შემსუბუქებას ან სრულად გაუქმებას ითვალისწინებს 1500 პატიმრისთვის, 6000-მდე პრობაციონერისთვის და დაახლოებით 4000 პირისთვის, ვისაც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ფინანსური სანქცია ჰქონდა დაწესებული. მუხლებისა და შედეგების განსაზღვრამდე საკითხები ერთი თვის განმავლობაში მუშავდებოდა. 

წითელი ხაზი, რაც კანონმდებლებმა პროექტის ინიცირებისთანავე განსაზღვრეს, გულისხმობდა, რომ ამნისტია არ შეეხებოდა მძიმე დანაშაულებს, ოჯახში ძალადობას და ნარკოტიკების გასაღებას.

შეღავათი, უმეტეს შემთხვევებში, დაახლოებით 80%-ში ნარკოტიკის პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვის მუხლს ეხებოდა. ასევე მსუბუქ დანაშაულებს, როგორიცაა ქურდობა, ცემა, ქონების დაზიანება, შრომის და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა, უკანონო თევზჭერა-ნადირობა და სხვა. ჯამში, საუბარი იყო 44 მუხლზე. პროექტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა მეორე მოსმენის შედეგად.

განისაზღვრა, რომ პირადი მოხმარებისთვის დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობისთვის სასჯელი გაუნახევრდებათ, განსაკუთრებით დიდ ოდენობაზე კი პატიმრებს 1/4 მოაკლდებათ.

არაძალადობრივ ფინანსურ და ქონებრივ დანაშაულში მსჯავრდებულები გათავისუფლდებიან თუ დაზარალებულის თანხმობას მიიღებენ და ზიანს აანაზღაურებენ.

ციხე შინაპატიმრობით შეეცვლებათ მსუბუქი დანაშაულისთვის დაკავებულ ქალებს, რომლებსაც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ.

ასევე შინაპატიმრობაში გადაინაცვლებენ ისინი, ვინც სასჯელის მოხდის პერიოდში სტუდენტის სტატუსი მოიპოვა.

ამნისტია ასევე არ შეეხო მუხლებს, რომლითაც ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული პირები არიან ბრალდებული. ამ ორი მიზეზის გამო ოპოზიცია მიღებულ აქტს განიხილავს, როგორც არასრულყოფილს და პარტიული მიზნების მატარებელს.

ბრალდებებზე მმართველ პარტიას მუდმივად ერთი პასუხი აქვს, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. რაც შეეხება მძიმე დანაშაულებს, მათთვის სასჯელის უცვლელად დატოვებას უმრავლესობა საზოგადოების ინტერესებით ხსნის.

დღის ამბები