პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ნამდვილად წავიდა და ის, უკან დაბრუნებას არ გეგმავს. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა იხილოს საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილი ოცნების წინააღმდეგ, ოპოზიციური ძალის ერთ-ერთ ლიდერად ან დამფუძნებლად - არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მის მიერ დღეს გამოქვეყნებული ღია წერილის ინტერპრეტაცია ვერ მოხდება.
"ამ განცხადების წაკითხვა არის ძალიან მარტივი და ამის სხვადასხვა ინტერპრეტაცია ვერ იქნება. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პოლიტიკოსმა, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეულმა წევრმა და ადამიანმა, ვინც ძალიან კარგად ერკვევა დემოკრატია რა არის, გააკეთა ძალიან უბრალო და მე ვფიქრობ, სწორი და სახელმწიფოებრივი განცხადება. მან თქვა, რომ "გამეხარდება თუ ქართულ ოცნებას მომავალში უფრო ღირსეული ძალა დაამარცხებს“- რა არის ამაში სენსაციური?
მე მინდა შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს საჯაროდ, რომ სამშობლო, თანამოქალაქეები, საზოგადოება მისთვის არის ბევრად უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე პოლიტიკური პარტია, ან საერთოდ პოლიტიკა. სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ მან პრემიერ-მინისტრად არჩევისთანავე გააკეთა განცხადება, რომ ის წელიწადნახევარში დატოვებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, ეს პირობა მან შეასრულა, ისევე როგორც სხვა პირობები შეასრულა და ამას საზოგადოება შეაფასებს.
შესაბამისად, აქაც როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარტიაზე, ვსაუბრობთ მომავალში შეიძლება თუ არა ვიხილოთ ის ისევ პოლიტიკაში, მე გეტყვით იმას, რაც ვიცით ყველამ და რაც მისმა თანაგუნდელებმა ვიცით, არის ის, რომ ის ნამდვილად გავიდა პოლიტიკიდან და ის არ გეგმავს რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში. ეს არის ის, რისი სხვადასხვანაირად გადათარგმნა ვერ მოხდება,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.