17 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
არასდროს მიცდია, ჩემი ჭარბი ფინანსური რესურსით ქართული ბიზნესისთვის რაიმე ტიპის დაბრკოლება შემექმნა - ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ქართუ ბანკს" არასდროს უცდია აგრესიული მოქმედებები და კამპანია საქართველოს ბაზარზე, არასდროს დაუსახავს მიზნად ბაზრის მონოპოლისტობა.

ასევე, მისი თქმით, როგორც აქციონერს, "ქართუ ბანკიდან" დივიდენდი არასდროს აუღია, ბანკმა კი, ამ წლების განმავლობაში, საკუთარი მოგებიდან 55 მილიონი დოლარი ასევე ქველმოქმედებაზე მიმართა.

"რაც შეეხება შპს "ელიტა ბურჯს", ის წლების განმავლობაში წამგებიანი კომპანია იყო და მუდმივად მიწევდა მისი სუბსიდირება, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ დროის უქონლობის გამო, პირადად ვერ ვხელმძღვანელობდი კომპანიის მენეჯმენტს. კომპანია კი, საკუთარი ძალებით, სამშენებლო ტექნოლოგიებში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციის გამო, დროის მოკლე მონაკვეთში ვერ ახერხებდა მოგების მიღებას, მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემთვის საქართველოში ბიზნესის კეთებაზე მეტად ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ზოგადად, ბიზნესგარემოს გაჯანსაღება უფრო მნიშვნელოვანი იყო.  ამ დამოკიდებულებას დღემდე ვინარჩუნებ და სწორედ ამიტომ, ბოლო რამდენიმე წელია, რაც ჩემი მეუღლის ინიციატივით, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში მასშტაბური ინვესტირება დავიწყეთ.

ამ დონის სასტუმრო ინფრასტრუქტურის საჭიროება დღეს და უახლოეს მომავალში შესაძლოა არც იყოს, მაგრამ წლების შემდეგ დიდად წაადგება ქვეყანას, როცა მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტები მრავლად გვეყოლება, მათ შორის წელიწადის ოთხივე სეზონზე და საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებების დამოუკიდებლად მასპინძლობას შეძლებს. მესმის, რომ მასშტაბური ინვესტიციისა და ბაზრის სიმცირის პირობებში, ასეთი პროექტები კომერციულად პროპორციულ შემოსავალს ვერ მოიტანს, მაგრამ მესმის ისიც, რომ ეს სჭირდება თბილისს, სჭირდება ქვეყანას და ამიტომაც, ჩემთვის ეს უფრო მეტია, ვიდრე სტანდარტული კომერციული პროექტი. იგივე ეხება "ქართუ ბანკს", "ელიტა ბურჯს" და სხვა ბიზნესებს," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილი, ასევე, ეთანხმება ჟურნალისტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ვერ შეძლო საქართველოში მომგებიანი ბიზნესკომპანიების დაფუძნება.

"ვაღიარებ, რომ მომგებიანობის კრიტერიუმით კმაყოფილი არ ვარ. რა თქმა უნდა, სჯობდა ბიზნესს მოგების უფრო მაღალი მაჩვენებელი ეჩვენებინა. ბანკის შემთხვევაში, კარგი იქნებოდა, მეტი ინვესტიცია მოგვეზიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით, რაც, რა თქმა უნდა, არ მაძლევს კმაყოფილების საფუძველს. როგორც ჩანს, სათანადო ყურადღება ვერ დავუთმე, განსაკუთრებით პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ. თუმცა, ყურადღების დაკლებასთან ერთად, ჩემი ბიზნესკომპანიების ნაკლებ ეფექტიანობას ისიც განაპირობებდა, რომ არასდროს მიცდია, ჩემი ჭარბი ფინანსური რესურსით ქართული ბიზნესისთვის რაიმე ტიპის დაბრკოლება შემექმნა, პირიქით – ყოველთვის მინდოდა ბაზარს დავხმარებოდი და მაქსიმალურად გამეჯანსაღებინა ეკონომიკური გარემო. ამიტომაც, გათვლა მხოლოდ ბიზნესის რენტაბელობაზე არასდროს მქონია. გულწრფელი სურვილი მქონდა, ქვეყანას დავხმარებოდი და ბიზნესსაქმიანობა არა მისი მომგებიანობით შემერჩია, არამედ იმით, თუ რა სჭირდებოდა ქვეყანას," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

დღის ამბები