ოპოზიციისგან განსხვავებით, პოზიტიური შეფასებებია იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ "ქართუ ფონდთან" წლების განმავლობაში თანამშრომლობს. მეცნიერთა აკადემიის წარმომადგენლების, არქეოლოგებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი დაიხარჯა საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენასა და შენახვაში.
"გრაკლიანიგორის არქეოლოგიურ ძეგლს, ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2014 წელს და ამის შემდეგ გადაწყდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და "ფონდ ქართუს" ორგანიზებით, გრაკლინგორაზე აშენებულიყო მუზეუმი. ეს მუზეუმი აშენდა და ამჯერად მიმდინარეობს შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები. გარდა ამისა, "ფონდ ქართუს" დაფინანსებით გაკეთდა ტურისტული ბილიკები ვიზიტორებისთვის," - აღნიშნავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ ფონდი გააგრძელებს საქმიანობას და მათი თანამშრომლობა ფონდთან გაგრძელდება.
"2006 წლიდან "ფონდი ქართუ" ქართულ ენციკლოპედიას ეხმარება. ეს დახმარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგანაც ქართული ენციკლოპედიის რედაქცია, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა, 90-იან წლებში პრაქტიკულად შეწყვიტა თავისი საქმიანობა და ძალიან უჭირდა. ამ დახმარებამ კი, ჩვენ საშუალება მოგვცა, არამარტო აღგვედგინა ჩვენი საქმიანობა, არამედ ძალიან ბევრი რამ გაგვეკეთებინა. გამოიცა მთელი რიგი ენციკლოპედიური ცნობარები, გაგრძელდა მუშაობა უნივერსალურ გამოცემაზე, დიდი იმედი მაქვს, რომ ფონდი გააგრძელებს საქმიანობას და ჩვენი თანამშრომლობა ფონდთან გაგრძელდება,"- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.