"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან წასვლა სერიოზული გამოწვევაა.
"ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიიდან და პოლიტიკიდან, არის უსერიოზულესი გამოწვევა და ამიტომ ვსაუბრობთ სწორედ პოლიტიკური იმუნიტეტის გაუმჯობესებაზე. ეს დანაკლისი ჩვენ უნდა შევავსოთ გაათმაგებული ძალისხმევით, იმიტომ რომ, ერთია ამომრჩეველთან ურთიერთობა, პარტიის გაძლიერება და მეორეა ქვეყნის მართვა.
ძალიან სერიოზული გამოცდილება დაგვიგროვდა, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს "ქართულ ოცნებას," მაგრამ ამაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი.
გუნდი არის ძალიან შეკრული და პირადი ურთიერთობებიც კი ასეა, ხოლო ის სპეკულაციები რაც მოვისმინეთ ამ დღეებში არის უადგილო,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ გუნდი მაღალი დონის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული.
"პოლიტსაბჭოში დარგის სპეციალისტებიც არიან, ვისაც აქვს გარკვეული გამოცდილება და ვისაც აქვს დამოკიდებულება საქმისადმი ისეთი, როგორიც "ქართული ოცნების" მმართველობის ეტაპზე დამკვიდრდა. ეს არის გუნდი, სადაც მაღალი დონის პროფესიონალები არიან,"-აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.