ევროპელი პარტნიორების მოწოდების შესახებ - შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სრულფასოვანი გამოძიების შედეგად არჩევნებთან დაკავშირებით რამე სახის გადაცდომა დაფიქსირდება, უმრავლესობა მზად არის ნებისმიერ პირობაზე წავიდეს, რასაც მათ ოპოზიცია შესთავაზებს.
"თუ ერთპროცენტიანი გადახრა, საგამოძიებო კომისიისა და სრულფასოვანი გამოძიების შედეგად დადგინდება, ჩვენ ნებისმიერ პირობაზე ვართ წამსვლელები. ვერავის წარმოედგინა ამ ქვეყანაში, თუ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი ამაზე უარს იტყოდა. მათ არ აქვთ იმედი, რომ სრულფასოვანი ჩატარებული გამოძიებით ასეთი ცდომილება დაფიქსირდებოდა. ეს არის ოპოზიური სპექტრის სრული ლუსტრაცია, რომელთაგანაც ნაწილს ინტერესი აქვს, რომ მოლაპარაკებები არ შედგეს, ნაწილს კი, გარკვეულწილად მათი ერთგვარი ზეგავლენის ქვეშ არის. ტრენდად იქცა, რომ თუკი მათ არჩევნებზე საუბრისას მათ გაყალბება არ ახსენეს, მიუხედავად იმისა, ამის არგუმენტები არსებობს თუ არა, ლამის ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ერთმანეთს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა კი ევროპარლამენტის ანგარიშზე ამბობს, რომ იქ ბევრი დადებითი შეფასება იყო აღნიშნული, რაც მისასალმებელია.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის დადებითი შეფასებები, რომელიც იქ წავიკითხეთ. ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ევროატლანტიკური გეზი არის ის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენს გუნდს გააჩნია. არის საკითხები, რომელზეც ჩვენ გაცხადებული გვაქვს რომ სამომავლოდ ვიმუშავებთ," - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა.