"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ პარტია ახალ ეტაპზე გადადის, იცვლება სტრუქტურა - განახლდა გუნდი.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, პარტია "ქართული ოცნება" განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რაზედ პასუხისმგებლობა ირაკლი კობახიძეს ეკისრება.
"პარტია გადადის განვითარების ახალ ეტაპზე, შესაბამისად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება პარტიის თავმჯდომარეს და სჭირდება ქმედითი პოლიტსაბჭო. პოლიტსაბჭო გახდება კიდევ უფრო მეტად აქტიური და თავმჯდომარეს პარტიის გაძლიერებაში დაეხმარება,"- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" მაღალი კომპეტენციის და გამოცდილების გუნდია, ხოლო ირაკლი კობახიძე გამოცდილი კადრი.
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე გამოცდილი კადრია, რომელსაც პარტიის შექმნაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის.
"ირაკლი კობახიძე არ არის ახალი სახე, მას პარტიის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის და სწორედ აქედან შეირჩა ამ პოსტზე. დარწმუნებული ვარ თავის მოვალეობას კარგად გაართმევს თავს,"- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.