17 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდას ოპოზიცია სიტუაციის რეალური შეფასებით დაუბრუნდება

მმართველ პარტიაში იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდას ოპოზიცია სიტუაციის რეალური შეფასებით დაუბრუნდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან წამოსული ბრალდება საფუძვლის გარეშე დარჩა, ისევე, როგორც პარლამენტის ერთპარტიულობასთან დაკავშირებული ზეწოლის ბერკეტიც:

"დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობაზე უარის თქმა, მონაწილეობაზე ბოიკოტირება, ეს, თავისთავად, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის იდეასთან. მე ვფიქრობ, რომ მეხუთე რაუნდამდე ამას არაერთი ოპოზიციონერი ლიდერი კიდევ ერთხელ გააცნობიერებს. ჩვენ მზად ვართ იმ სამართლიანი წინადადებების განსახილველად დავბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. რაც ეხება, პირველ რიგში, მათი პრეტენზიების გადამოწმებას, იმიტომ რომ როგორც ირკვევა, არჩევნების გაყალბების ბრალდება, რომელიც ისმოდა ოპოზიციის მხრიდან დღემდე, ეს დარჩა საფუძვლის გარეშე. მეორეს მხრივ - მათი სურვილი, რომ თითქოს ჩვენზე შანტაჟს ახდენდნენ იმით, რომ პარლამენტში მხოლოდ 1 პარტია იქნებოდა, დღეს ეს რეალობაც შეცვლილია, ამიტომ ჩვენ ველით, რომ ოპოზიცია სტატუს-კვოს რეალური შეფასებით დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მოლაპარაკებების გაგრძელების და შემდგომ რაუნდებზე შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესაც. მიხეილ სარჯველაძის თქმით, ქვეყნის საკეთილდღეოდ მოლაპარაკებების გაგრძელება მნიშვნელოვანია.

რიგგარეშე ან ახალი არჩევნების დანიშვნის ერთადერთ საფუძვლად საგამოძიებო კომისიის შესაბამის დასკვნას ასახელებს ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და ოპონენტებს მოუწოდებს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედონ:

"ვირტუალურად რომ წარმოვიდგინოთ, ჰიპოთეტურად, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩატარდეს რიგგარეშე, თუ ახალი არჩევნები - როგორც ესენი უწოდებენ, საფუძველი ამისთვის ერთადერთია - საგამოძიებო კომისია, რომელმაც შესაბამისი დასკვნა უნდა დადოს.  ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არ მიიღებენ მუშაობაში მონაწილეობას, რასაკვირველია, უპირისპირდებიან საქართველოს ინტერესებს," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები