"ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სირცხვილია ოპოზიციური შეკრებებიდან ინფორმაციის გამოტანა, რაშიც გულისხმობდა ალეკო ელისაშვილის სიტყვებს, რომელმაც "ლელოს" ლიდერს რევლუციური სცენარის მხარდაჭერაში დასდო ბრალი. მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს ავანტიურისტი და მატყუარა უწოდა.
"ძალიან ვერიდებოდი ამ ყველაფრის პირდაპირ თქმას, მაგრამ თქვენ, ბატონო ალეკო, პირდაპირ გეუბნებით, ხართ მატყუარა და ავანტიურისტი. თქვენ ლაპარაკობთ "ქართული ოცნების" დავალებით. თქვენ თუ გინდათ, შედით პარლამენტში, არავინ ხელს არ გიშლით, ამ ქაოსს თავი დაანებეთ, "ოცნების" მუსიკას ჩვენ ნუ გვასმენინებთ,"-მიმართა მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს.
თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს მატყუარა, უსინდისო და ხალხის მყვლეფავი უწოდა. ამასთან, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებებში დაადანაშაულა.
ამან კამათი კიდევ უფრო გაამწვავა და მამუკა ხაზარაძემ ამ სიტყვების დამადასტურებელი ფაქტები მოითხოვა:
"სანამ ეთერში არ დაამტკიცებ, მაყურებლის თვალწინ, როდის ჰქონდა დამოუკიდებელი შეხვედრა "ქართულ ოცნებასთან", მე დაგელოდები, აქედან არ გავალ. დაურეკე ირაკლი კობახიძეს და მოგცეს ფაქტები, როდის ჰქონდა დამოუკიდებელი შეხვედრა ბადრი ჯაფარიძეს ან "ლელოს" ნებისმიერ წევრს "ქართულ ოცნებასთან,"-მიმართა მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს.
ალეკო ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს არაერთხელ უწოდა ხალხის მყვლეფავი და წინა ხელისუფლებასთან დანაშაულებრივ კავშირში დაადანაშაულა.
"გლდანის ციხეში ხალხს რომ ხოცავდნენ და ძვლებში ამტვრევდნენ, მაშინ, შენ იდექი და ღამე კრედიტებს უფორმებდი ფეხებით ჩამოკიდებულებს. კეზერაშვილები და ახალაიები ციხიდან რომ არეკინებდნენ,"-მიმართა ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს.
თავის მხრივ, მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს ურჩია, ოპოზიციურ შეხვედრებზე არ გამოჩნდეს, რადგან მისთვის ხელის ჩამორთმევას და მის გვერდით დგომას არ აპირებს.
"შენნაირ ადამიანს არ შევხვდები, გინდა დეპუტატი იყავი, გინდა პარლამენტში შედი. სანამ ქართულ პოლიტიკაში, ისევე, როგორც საქმიან ურთიერთობებში, ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება.
არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული, მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ, ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ სიტყვას და ღირსებას ჰქონდეს ფასი. ამხელა ტყუილების გუდა საიდან გაქვს, სად ისწავლე ამხელა ტყუილები ამხელა კაცმა. ჩვენ გვერდით არ გაიარო, მატყუარა ხალხთან საქმე არ მაქვს,"-მიმართა ხაზარაძემ ელისაშვილს.
მამუკა ხაზარაძემ და ალეკო ელისაშვილმა ერთმანეთისკენ გაიწიეს კიდეც, თუმცა გადაცემის წამყვანებმა სიტუაციის დარეგულირება შეძლეს. მამუკა ხაზარაძემ "ღამის კურიერის" სტუდია დატოვა.