ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციურ ძალებს შორის სიტუაციის დაძაბვა სერიოზულ პრობლემებს ვერ შექმნის.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ერთი ადამიანის - ამ შემთხვევაში, ალეკო ელისაშვილის პოზიცია ოპოზიციურ ერთობაში ბზარს ვერ გააჩენს.
"ეს არის ერთი ადამიანის პოზიცია, რომელიც არ ეთანხმება ჩვენს პრინციპებს, წავიდეს თავის გზაზე, რა ბზარი, სად ნახეთ, რომელ ოპოზიციურ პარტიაში. მას ჰქონდა თავის განსხვავებული პოზიცია, გაამწვავა, აღარ შევალ სპეკულაციებში, თუ რატომ და წავიდა თავისი გზით. ეს არის ერთი ადამიანის პოზიცია და ამაში ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ. ის რაც გააკეთა, თვითონ მას აზიანებს. ყველაფერი ნათელი იყო - ადამიანი ყველა პარტიას თავს ესხმის,"-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს კინკლაობა ოპოზიციაში და უნდა გადაერთონ საერთო მოთხოვნების შესრულებაზე.
"გარკვეული პოლიტიკოსების პოზიცია ვერ შეუქმნის საფრთხეს იმ საერთო პოზიციას, რომელიც აქვს დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას. ძალიან ცუდი საყურებელია ის, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ყველამ უნდა მიიღოს ინდივიდუალურად გადაწყვეტილება და ყველა პოლიტიკოსი ასეც მოიქცევა. ვინ შევა პარლამენტში და ვინ არ შევა, ეს ძალიან მალე ნათელი გახდება. რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ეს კინკლაობა ოპოზიციაში და ჩვენ უნდა გადავერთოთ რეალურ საქმეებზე, რომ შესრულდეს ჩვენი მთავარი მოთხოვნები,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.