ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს, შეახსენებს რომ 200 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, დაქირავებულთა შესახებ მონაცემების წარდგენის ვადა 20 იანვარს იწურება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული განაცხადების წარდგენა კომპანიის წარმომადგენლებს შეუძლიათ განახორციელონ დისტანციურად, სერვისცენტრებში მიუსვლელად, ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში.
"დღეის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით უკვე 115 000 განაცხადია დარეგისტრირებული. აქვე გაცნობებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა rs.ge kompensacia მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა. დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს. შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, კანონდარღვევის ფაქტების, ე.წ. თაღლითური სქემების გამოყენების შესახებ, დაუყოვნებლივ, დადგენილი წესით, მიმართონ უწყებას და შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოახდენენ რეაგირებას თითოეულ გამოვლენილ ფაქტზე," - ნათქვამია ინფორმაციაში.